არავისთვის არანაირი ჩუქება არ მითხოვია – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზვიად კუპრავას შეკითხვას,
რომლის თანახმადაც, კახა კალაძეს მიხეილ სააკაშვილთან კონფლიქტი მას შემდეგ მოუვიდა, რაც მას მახათას მთა არ აჩუქეს.
დედაქალაქის მერის განცხადებით, მახათას მთაზე „არსენალის“ პროექტის განსახორციელებლად მიწის ნაკვეთი თავის დროზე 20 მილიონად შეისყიდა. პროექტის განხორციელებას კი, ხელი 2008 წლის აგვისტოს ომმა შეუშალა.
“რაც შეეხება მახათას მთას, აქ საუბარია „არსენალის“ პროექტზე, რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად წამოვიწყე და, რა თქმა უნდა, არავისთვის, არასოდეს, არანაირი ჩუქება არ მითხოვია. თქვენ ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ მე სახელმწიფოსგან, ბიუჯეტისგან რაიმე ერთი თეთრის ღირებულების საჩუქრად მიმეღოს, ან რაღაც წამეღოს. გამორიცხულია ეგეთი რამ! რაც შეეხება „არსენალის“ პროექტს, მეგობრებთან ერთად, ეს იყო ჩემი სურვილი, რომ საქართველოში განგვეხორციელებინა მასშტაბური პროექტი. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთში 20 მილიონი მქონდა გადახდილი ბიუჯეტში. სამწუხაროდ, 2008 წელს მოხდა ის, რაც მოხდა. მხედველობაში მაქვს აგვისტოს ომი, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება მოუტანა ჩემ ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
- დედაქალაქის მერმა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
“რაც შეეხება სააკაშვილთან ჩემი ურთიერთობის დაძაბვას, თუნდაც გაფუჭებას, იყო ძალიან მარტივი. მე ვცხოვრობდი იტალიაში და რა თქმა უნდა, ძალიან ვგულშემატკივრობდი ჩემს ქვეყანას. ყოველთვის, როცა მეძლეოდა შესაძლებლობა, ყოველთვის ჩამოვდიოდი, აქ ვისვენებდი, რადგან აქ იყვნენ ჩემი მშობლები, ჩემი მეგობრები და ყოველთვის მიხაროდა საქართველოში ჩამოსვლა იმის მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს.
ეს ტრაგედია მოხდა საქართველოში, ეს უბედურება ჩაიდინეს ქართველებმა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არასოდეს გამნელებია სიყვარული ჩემი ქვეყნის და ხალხის მიმართ. ყოველთვის ვგულშემატკივრობდი ჩემს ქვეყანას, მიხაროდა კარგი, რაც კეთდებოდა და არასოდეს არ ვიხევდი უკან, მეთქვა ის სიმართლე, რაც პრობლემა იყო და რაც მიმაჩნდა არასწორად. თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას განსხვავებული მოსაზრებების გამო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ, მგონი, ამას ჩემი ახსნა-განმარტება არ სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.