ვისურვებდი ქვეყანაში ისეთ ვითარებას, რომ პოლიტიკური ბულინგი არ მიდიოდეს არავისზე, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„რასაც თვალყურს ვადევნებ, ჩემთვის მძიმე საყურებელია. ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია ქვეყნის პირველი პირის მიმართ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის უმეტესობის ხმა მიიღო. ამის ერთადერთი მიზეზი, რაც, მინდა, ვიფიქრო, არის ის, რომ რამდენიმე წლის წინ საპარლამენტო მოდელზე გადავედით, ფუნქციები გადანაწილდა და პრეზიდენტს ის ფუნქციები არ აქვს, რაც ადრე იყო. ალბათ დროა საჭირო, რათა ეს ფუნქციები სწორად იყოს აღქმული. ვისურვებდი ჩემს ქვეყანაში ისეთ ვითარებას, რომ პოლიტიკური ბულინგი არ მიდიოდეს არავისზე, მათ შორის არც მაღალი თანამდებობის პირებზე. ფაქტია, რომ პრეზიდენტზე გავლენის მცდელობაა, რადგან ორი სახის აქცია თუ კონტრაქცია იყო. არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი აქვთ და იმ ადამიანებმა, რომლებიც ასე თვლიან, არჩევნებში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს. იმის კიდევ ერთხელ დაფიქსირება, რომ პრეზიდენტზე რაღაც სახის ზეწოლა მოხდეს, ჩემთვის კომფორტული საყურებელი არ არის. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ უფრო ცივილურად მიმდინარე პროცესები მოუხდებოდა ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, შეიძლება, ემოციური განცხადება იყო. არ მინდა, პრეზიდენტის განცხადებაზე ვაკეთო განცხადება. გააკეთა ის, რაც გააკეთა, მაგრამ ჩემთვის კომფორტული საყურებელი არ არის ეს ყველაფერი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
კითხვაზე, – შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს? – დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ არსებობს გადაწყვეტილების მიღების პროტოკოლი და ამ თემაზე პრეზიდენტმა მეტი განმარტება უნდა გააკეთოს.
„ამ საკითხზე ჩემი აზრის გამოქმა და მოლოდინების გაჟღერება იქნება იმ ყველაფერზე დამატება, რასაც პრეზიდენტი განიცდის. არსებობს პროტოკოლი, როგორ უნდა იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. ამ თემაზე პრეზიდენტმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე უფრო მეტი განმარტება უნდა გააკეთოს“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.