იორდანიის მეფის, აბდულას განცხადებით, მზად არის კონფლიქტისთვის, თუ ისრაელის ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ იერუსალიმის წმინდა ადგილების სტატუსი შეიცვლება

იორდანიის მეფის, აბდულას განცხადებით, მზად არის კონფლიქტისთვის, თუ ისრაელის ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ იერუსალიმის წმინდა ადგილების სტატუსი შეიცვლება. „სიენენთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში იორდანიის მონარქმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში არის „შეშფოთება“, რადგან ისრაელში ცდილობენ აღმოსავლეთ იერუსალიმში მუსლიმებისა და ქრისტიანების წმინდა ადგილებზე იორდანიის მეურვეობის შეცვლას. იორდანიის მეფის თქმით, ეს წითელი ხაზია.

„თუ ადამიანებს სურთ ჩვენთან კონფლიქტში შესვლა, ჩვენ საკმაოდ მომზადებული ვართ. ყოველთვის მსურს, მჯეროდეს, მოდით, შევხედოთ ნახევრად სავსე ჭიქას, მაგრამ ჩვენ გვაქვს გარკვეული წითელი ხაზები. თუ ადამიანებს სურთ ამ წითელი ხაზების გადაწევა, მაშინ ჩვენ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ უნდა გვაწუხებდეს მომდევნო ინტიფადას საკითხი. თუ ეს მოხდება, იქნება კანონისა და წესრიგის სრული დარღვევა და ისეთი რამ, რომლითაც სარგებელს ვერც ისრაელელები ნახავენ და ვერც პალესტინელები. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანის მხრიდან დიდი შეშფოთებაა რეგიონში, მათ შორის ისრაელში მათგან, რომლებიც ჩვენს მხარეს არიან ამ საკითხში“, – განაცხადა იორდანიის მეფემ.

„სიენენი“ წერს, რომ ისრაელის ლიდერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მომავალი მთავრობა, სავარაუდოდ, ყველაზე მემარჯვენე იქნება ისრაელის ისტორიაში. მასში შედიან საკამათო ფიგურები, რომლებიც ისრაელის პოლიტიკის რადიკალურ მოთამაშეებად განიხილებოდნენ.

როგორც მედია წერს, ამან გამოიწვია შეშფოთება ისრაელ-პალესტინის ძალადობის ესკალაციის პოტენციალისა და ისრაელის სამომავლო ურთიერთობების თაობაზე მის არაბ მეზობლებთან და დასავლელ მოკავშირეებთან.