ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში უყრაინელი სამხედროები შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ

უყრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ საჭირო თუ გახდება, უყრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შევლენ. ამის შესახებ დანილოვმა „კიევ პოსტ“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის დასაცავად საჭირო თუ იქნება რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა, ჩვენ იქ ვიქნებით და არავის შევეკითხებით. საუბარი, რომ ვიღაცის გაღიზიანება არ არის საჭირო, სისულელეა“, – განაცხადა დანილოვმა.

მანამდე უყრაინის მთავრობის წარმომადგენლები საბრძოლო მოქმედებების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადატანას კატეგორიულად გამორიცხავდნენ.

უყრაინელმა მაღალჩინოსანმა კომენტარი ასევე გააკეთა რუსეთის მხრიდან უყრაინაზე მოსალოდნელი ახალი შეტევისა და ბელარუსის ამ შეტევაში შესაძლო მონაწილეობის შესახებაც.

„იომებენ თუ არა ბელარუსები ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, რთული სათქმელია. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელზეც ზემოქმედებას ვერ ვახდენთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ბელარუსებს ჩვენთან ბრძოლის არანაირი სურვილი არ აქვთ, ჩვენ მათთვის ცუდი არაფერი გაგვიკეთებია“, – განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს ბელარუსის პრეზიდენტზე ზეწოლას, რომ ბელარუსი ომში ჩააბას, მაგრამ დანილოვი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეული არ არის.