ჩვენი ურთიერთობები ღირსეულად უძლებს ყველა გამოცდას და აჩვენებს სტაბილურობას – პუტინმა სი ძინპინი მოსკოვში მიიწვია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინელი კოლეგა სი ძინპინი მოსკოვში მიიწვია.

„ჩვენი ურთიერთობები ღირსეულად უძლებს ყველა გამოცდას, აჩვენებს სტაბილურობას და დინამიკაში ფართოვდება. ეს კავშირები საუკეთესოა ისტორიაში, ისინი 21-ე საუკუნეში დიდ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის მაგალითია “, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, იმას რომ მომავალ გაზაფხულზე ელოდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტს მოსკოვში.

„ეს მთელ მსოფლიოს დაანახებს რუსეთ-ჩინეთის კავშირების სიმტკიცეს ძირითად საკითხებში და გახდება წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა ორმხრივ ურთიერთობებში“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, პუტინმა განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლომდე რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 25%-ით გაიზრდება.

მანამდე კი, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ განაცხადა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები „მონოლითივით ძლიერია“ და არ იცვლება არასტაბილური საერთაშორისო სიტუაციის მიუხედავად.

ვანგ იიმ, ასევე, აღნიშნა, რომ ორივე სახელმწიფო ახალი ცივი ომის წინააღმდეგია.