ლუკ კოფი – უყრაინაში ომმა ყველას შეგვახსენა თურქეთის მნიშვნელობა შავი ზღვის რეგიონში

უყრაინაში ომმა ყველას შეგვახსენა თურქეთის მნიშვნელობა შავი ზღვის რეგიონში, – ამის შესახებ განცხადება ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ლუკ კოფიმ „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თურქეთი უკიდურესად მნიშვნელოვანი ხდება ნატო-სთვის. განსაკუთრებით ეს უკავშირდება „მონტროს კონვენციას“ და, ზოგადად, გეოგრაფიულადაც. ცხადია, აშშ-ს გვაქვს პრობლემები თურქეთთან ორმხრივ ურთიერთობებში, მაგრამ ნატო-ს შიგნით, თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა თურქეთთან, რადგანაც ის ალიანსის მნიშვნელოვანი წევრია. თურქეთის მიერ სრუტეების ჩაკეტვა, რეალური გავლენა მოეხდინა რუსეთის შესაძლებლობაზე, მოეხდინა ძალის გადასროლა, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ მსოფლიოს სხვა წერტილებში, როგორებიცაა ლიბია, ჩრდილოეთ აფრიკა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთი, რა შემთხვევაშიც რუსეთი შეძლებდა ყირიმის გამოყენებას პლაცდარმად“, – განაცხადა კოფიმ.

ამასთან, მისივე თქმით, „თურქეთმა წარმატებას მიაღწია ე.წ. ხორბლის შეთანხმების გაფორმებით, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მეტი სარგებელი მოუტანა უყრაინას და ამავე დროს გამოაჩინა რუსეთის სისუსტე“.

„ალბათ ყველას ახსოვს, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის ფლოტზე თავდასხმა მოხდა და რუსეთმა შეაჩერა „ხორბლის შეთანხმებაში“ მონაწილეობა, თუმცა ამ შეთანხმების მოქმედება მაინც გაგრძელდა და რუსეთმა ვერაფერი გააკეთა. შედეგად, რუსეთის სისუსტე თვალსაჩინო გახდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლა, რაც ორივე მხარისთვის წარმატებული იყო, მაგრამ უკრაინის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ პოლკ „აზოვის“ მეთაურები, რომლებიც ქალაქ მარიუპოლის თავდაცვას ხელმძღვანელობდნენ, ახლა თურქეთში თავისუფლად ცხოვრობენ. ვერავინ ვერასდროს იფიქრებდა, რომ რუსეთი ამ სამხედრო მეთაურებს როდესმე გაათავისუფლებდა. თურქეთმა შეძლო ამ გარიგების გაფორმება. ასე რომ, უკრაინაში ომმა შეგვახსენა ყველას თურქეთის მნიშვნელობა შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა კოფიმ.