რომან გოცირიძე: მთავრობის განცხადება, რომ ანაკლიის ასაშენებლად გამოიყენებენ საპენსიო ფონდის ფულს, არის მავნებლობა

მთავრობის განცხადება, რომ ანაკლიის ასაშენებლად გამოიყენებენ საპენსიო ფონდის ფულს, არის მავნებლობა – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის განცხადება, რომ ანაკლიის ასაშენებლად გამოიყენებენ საპენსიო ფონდის ფულს, არის მავნებლობა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები რა მდგომარეობაშია, ყველას კარგად მოეხსენება. სულაც იდეალურადაც რომ წარიმართოს ანაკლიის ბიზნესი ( რაც სახელმწიფოს ხელში საეჭვოა), მსგავსი პროექტები, ისევე როგორც მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები, ირიენტირებული არიან დანახარჯების ხანგრძლივ პერიოდში ამოღებაზე. დივიდენდის განაწილება ანუ საპენსიო ფონდის ფულზე პროცენტების დარიცხვა შეიძლება ორი ათეული წლის შემდეგ მოხდეს ან სულაც არ მოხდეს. ამ ხნის განმავლობაში ფონდი და შესაბამისად პენსიონერები კარგავენ კოლოსალურ შემოსავალს. ესაა როგორც რისკები, ასევე ფულის მოცდენა. მთავრობა ხვდება, რომ ანაკლიის პროექტში ვერც ინვესტორს მოიძიებს და ვერც სესხის აღებას მოახერხებს და მიადგა პენსიონერების დანაზოგებს, რომელიც ისედაც შეუჭამა ინფლაციამ. საპენსიო ფონდის შესახებ კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელიც მაქსიმალურად შეზღუდავს სახელმწიფო საწარმოებში ფონდის სახსრების ჩადებას, რათა დაცული იქნას პენსინერები არაკომპეტენტური ჩინოვნიკების ხუშტურებისაგან, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში და ხვალ არა.