სოფო ჯაფარიძემ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნის წერილით მიმართა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართა.

„ვიყავით საქართველოს ძალიან ბევრ კუთხეში, მოვიტანეთ ათასობით ემიგრანტის მოთხოვნა, ხელმოწერა. ძალიან ბევრი ადამიანი გაერთიანდა, სრულიად სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანები, ექიმები, მსახიობები, მოსამართლეები, დიპლომატები. დღეს ძალიან დიდი ერთსულოვნებაა საქართველოს მოქალაქეებში. ერთხმად ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტი აუცილებლად უნდა გადარჩეს და იცოცხლოს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

წერილის შინაარსი ასეთია:

,,ქალბატონო სალომე, მოგმართავთ ათასობით მოქალაქის სახელით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და თბილისიდან, მოგმართავთ რუსეთთან ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ქართველების სახელით, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ლალა ბებოს სახელით, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული გმირის, დავით რატიანის დედის სახელით, ათასობით ემიგრანტის სახელით, რომლებიც ძალიან მალე უკეთეს საქართველოში დაბრუნდებიან, ბევრი ქართველი ექიმის სახელით, ქართული საზოგადოებისა და ქართველი პატრიოტების სახელით, მოგმართავთ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანების სახელით, რომლებიც საერთო მიზანმა გაგვაერთიანა. ეს მიზანი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, საქართველოს მომავლის გადარჩენა და ევროპული პერსპექტივის შენარჩუნებაა. მოგმართავთ რწმენით, რომ შეგვიძლია ერთობა და კრიტიკულ სიტუაციაში ღირსეული გადაწყვეტილების მიღება, გადაწყვეტილების, რომელიც ნაკარნახევია საქართველოს ინტერესებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით, საქართველოს ისტორიით. გთხოვთ, შეიწყალოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მივცეთ ერთმანეთს და საქართველოს დავიწყოთ ახალი წელი ახალი ფურცლიდან, ერთმანეთის პატივისცემით, შერიგებით, ჰუმანური მიზნის გარშემო ერთიანობით. სწორედ ამ მიზნით, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენთვის საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტით მონიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 678-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის 556-ე ბრძანებულების შეწყალების წესის მეხუთე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ჰუმანიზმის პრინციპიდან, სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე შეიწყალოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“.