ბენდუქიძიზმი გრძელდება – ზოგადი ეკონომიკური ციფრები კარგია, მაგრამ ცხოვრების დონე არ უმჯობესდება

“ქოცნების” ხელისუფლება, როგორც მანამდე “ნაცები”,  ფრიად ეფექტური პიარ-სვლებით ცდილობს დაარწმუნოს და არწმუნებს კიდეც ქართველ ობივატელს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, ეკონომიკა იზრდება და იფურჩქნება, ცხოვრების დონე მაღლდება და ვინც ამას ვერ გრძნობს, უბრალოდ “ლუზერია”.

მთავარია, ეკონომიკური მაჩვენებლები (ისიც, შელამაზებული) გამოიყურებოდეს კარგად, თორემ უშუალოდ ადამიანების ცხოვრების დონეს არავინ დაგიდევთ. ბელარუსიის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ სწორედ ამის გამო გაკიცხა თავისი მინისტრები, როდესაც მას დაუწყეს “ეკონომიკურ ზრდაზე”, “მთლიანი შიდა პროდუქტის მატებაზე” საუბარი, ამ მიმართულებით დიდი მიღწევები გვაქვსო, პრეზიდენტმა მათ მიუგო – ეგ მე არ მაინტერესებს, თქვენ ის მითხარით, ხალხის ცხოვრების დონემ, მსყიდველუნარიანობამ თუ ასევე მოიმატაო.

ჩვენთან ასეთი მიდგომა საოცნებოა და წარმოუდგენელი. საქართველოს მთავრობა, “ნაცური” იქნება ის თუ “ქოცური”, არაფრად აგდებს უბრალო ადამიანების, მშრომელი ხალხის გასაჭირს და კახა ბენდუქიძესავით “მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით” გველაპარაკება.

ვიმეორებთ: არც ეს მაჩვენებლებია დიდი მიღწევა, მაგრამ მთავრობის პიარ-სამსახურები მათით წარმატებით ჟონგლირებენ. ხალხი კი – პინგვინების როლშია.

ღარიბაშვილის ბაქიობა, რომელიც გაზრდილ ბიუჯეტსა და პენსია-ხელფასებზე მიუთითებს და არაფერს ამბობს უსაშველოდ გამძვინვარებულ, თითქმის კონტროლიდან გასულ ინფლაციაზე, აიტაცეს “ქოცურმა” გამოცემებმა. ქვემოთ ერთ ასეთ სტატიას გთავაზობთ, რომელიც ცალმხრივ, გალამაზებულ რეალობას შეიცავს და არაფერს ამბობს სოციალურ ყოფაზე, საშინელ დემოგრაფიულ ვითარებაზე, ხალხის აყრასა და საზღვარგარეთ გაქცევაზე, მსყიდველუნარიანობის შეზღუდვაზე… თუმცა საჭიროდ მივიჩნიეთ, მისი უცვლელად გამოქვეყნება, რომ ობიექტურობა ჩვენც დავიცვათ – მარტო ცუდი არ დავინახოთ, დადებითიც დავუფასოთ ხელისუფლებას.

მაშ ასე, რა ეკონომიკური მიღწევები ჰქონდა საქართველოს 2022 წლის მანძილზე (ყველა ეს მიღწევა რუსეთის ფაქტორით არის გამოწვეული):

(“ბიზნესმედია“). 2022 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი იყო – პანდემიური კრიზისი უპრეცედენტო მასშტაბის ომმა და ეკონომიკურმა შოკმა შეცვალა. ომის დაწყებისას დონორებმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირეს. სწრაფად გაუფასურდა ლარიც. მდგომარეობა შეიცვალა გაზაფხულიდან, როცა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან საქართველოსკენ მიგრაციული ტალღა დაიძრა. აღდგა ტურიზმი, გაიზარდა ექსპორტი, ფულადი გზავნილები კი, რეკორდულ მაჩვენებელზე გავიდა. პანდემიის დროს გაზრდილი უმუშევრობის დონე შემცირდა, შედეგად, ლარი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამყარებულ ვალუტად იქცა. ეკონომიკურმა ზრდამ 11 თვეში 10%-ს მიაღწია, გაიზარდა საბიუჯეტო შემოსავლები, ხოლო მშპ ერთ მოსახლეზე რეკორდულ 6,664 დოლარამდე გაიზარდა.

პარალელურად, შენარჩუნდა ორნიშნა ინფლაცია, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე გაზარდა. ყველაზე მწვავედ ფასების ზრდა სურსათს შეეხო, სადაც ფასების ზრდა 17%-ია.

ქართულ ბიზნესში 2022 წელი აღდგენის წელს წარმოადგენდა. ყოველთვიურად ბიზნესის ბრუნვა 11-12 მილიარდ ლარს აჭარბებდა, რაც წლიურად 17-20%-ით არის გაზრდილი. პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმაც.

პოლიტიკური მიმართულებით უმთავრესი ევროკავშირის კანდიდატობის საკითხი იყო – საქართველომ; უკრაინამ და მოლდოვან ევროკავშირს კანდიდატობის კითხვარები შეავსეს, მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ხოლო საქართველოს ევროკომისიამ 12 მიმართულებით რეფორმების გატარების წინაპირობა მისცა, რის შემდეგაც ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

საქართველოს ეკონომიკის 2022 წლის შედეგები:

● 2022 წელს საქართველოს ეკონომიკამ მიმდინარე ფასებში რეკორდულ 72.2 მილიარდ ლარს მიაღწია, მშპ-ის რეალური ზრდა 11 თვეში 10% იყო;
● ლარის გაცვლითი კურსი – ერთი დოლარი 2.70 ლარი ღირს; ევრო 2.88 ლარი. წელს დოლართან ლარი 15%-ით გამყარდა, ევროსთან გამყარება 21%-ია.
● მშპ ერთ მოსახლეზე – 6,664 დოლარი, ზრდა წინა წელთან 1,648 დოლარი;
● ინფლაცია – წლიური ინფლაცია 10.4%;
● ფულადი გზავნილები – 3.8 მილიარდი დოლარი (11 თვე), რაც მთლიანად 2021 წლის შედეგს 1.5 მილიარდი დოლარით აღემატება. მათ შორის რუსეთიდან 1.75 მილიარდი დოლარი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს თანხა 411 მილიონი იყო.
● ექსპორტი – 5 მილიარდი დოლარი (11 თვე), ზრდა წინა წელთან 31%, მათ შორის ევროკავშირზე მთლიანი ექსპორტის 22% მოდის. 9%-ით გაიზარდა ექსპორტი რუსეთში $598 მილიონამდე და რუსეთმა მეორე საექსპორტო ბაზრის პოზიცია დაიკავა.
● პირდაპირი უცხოური ინვესტიციები – $1.68 მილიარდი დოლარი (9 თვე), ზრდა წინა წელთან 101%;
● ტურიზმი – 4,862,247 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 185%; მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან – 997,744 მატება 412%.
● ტურიზმის შემოსავალი – $3.16 მილიარდი, მატება წინა წელთან 182%.

2022 წლის მოვლენები საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში:

შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი:

2022 წლის დეკემბერში საქართველომ; რუმინეთმა; აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის თაობაზე მემორანდუმს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ამ პროექტის დახმარებით საქართველო ენერგეტიკულ ჰაბად უნდა გარდაიქმნას. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, პროექტის ღირებულება 2.3 მილიარდ ევროს შეადგენს. პროექტის თაობაზე ეკონომიკური დასაბუთების კვლევა 2022 წლის მაისში დაიწყო, 2023 წელს კი საქართველოს მთავრობა შავი ზღვის ფსკერის შესწავლის სამუშაოებს 30 მილიონი ევროთი დააფინანსებს.

ანაკლიის პროექტის მომავალი:

2022 წლის დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენი წილი კი ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივას განხორციელება არ უწერია, რადანაც სანამ საქმეს საერთაშორისო არბიტრაჟი განიხილავს, მისით რეპუტაციული ინვესტორები არ დაინტერესდებიან.

საპენსიო ფონდის აქტივებმა 2.87 მილიარდ ლარს მიაღწია

საპენსიო ფონდის ზომა, რომელიც ამჟამად 1.3 მილიონი მოქალაქის დანაზოგებს აერთიანებს უკვე 2.87 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდის აქტივები განაწილებულია სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში, საქართველოს და უცხოურ სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო აქციებში. კონკრეტულად: 65.4% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, 3.5% სარგებლიან ანგარიშებში, 8.0% საერთაშორისო აქციებში, 13.5% ქართულ სახელმწიფო სახაზინო ფასიან ქაღალდებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში და 0.9% ევროობლიგაციებში.

საბანკო სექტორის მოგება:

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 2022 წლის 11 თვეში 1.97 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს. ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, სექტორის მთლიანი მოგების 88% ქვეყნის ორ უმსხვილეს ბანკზე – “თიბისისა” და “საქართველოზე” მოდის. მათ შორის პირველ ადგილზეა “თიბისი” 934 მილიონის მოგებით, მეორეზე კი “საქართველოს ბანკი” 826 მილიონის მოგებით. მესამე ადგილს “ლიბერთი ბანკი” იკავებს, რომელმაც წელს უკვე 61 მილიონის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

GWP-ის გასხვისება:

წლის ერთ-ერთი მთავარი ბიზნესმოვლენა ესპანური კომპანია “აქუალიას” მიერ წყალმომარაგების კომპანია GWP-ის საკონტროლო პაკეტის შესყიდვა იყო. გარიგება 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდა და მის ფარგლებში Aqualia-მ თბილისის წყალმომააგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის 80%-იანი წილი იყიდა. სანაცვლოდ ინვესტორმა $180 მილიონი დოლარი გადაიხადა. მთლიანობაში GWP-ის აქტივების ღირებულება 225 მილიონი დოლარია და Aqualia 2025-2026 წლებში კომპანიის დარჩენილი წილის გამოსყიდვასაც გეგმავს. თავად Aqualia წყალმომარაგების სისტემებს 17 ქვეყანაში მართავს და ამ მაჩვენებლით ევროპაში მესამე ადგილს იკავებს. მხარეთა შორის გარიგების შესახებ ცნობილი 2021 წლის 31 დეკემბერს გახდა და ის ოფიციალურად 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდა.

“ბილაინის” გასხვისება:

მიმდინარე წელს გარიგება შედგა CBS ჯგუფსა და „Letter One”-ს შორის. შედეგად რამდენიმე თვის წინ ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას ბიზნეს ჯგუფი ბილაინის, იგივე ვიონი საქართველოს 100%-იანი წლის მფლობელი გახდა. ბიზნესმენი ამბობს, რომ მოლაპარაკებები Letter One-თან 3 წლის განამვალობაში მიმდინარეობდა. გარიგება დასრულდა მხოლოდ იმ პერიოდში, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, თუმცა მხარეებს შორის რეალურად მოლაპარაკება და საბოლოო შეთანხმება გაცილებით ადრე შედგა. მანამდე ხვიჩა მაქაცარია ბილაინში აქციების მეხუთედს ფლობდა.

საქართველოს მთავრობა “ბორჯომის” აქციონერი გახდა:

საქართველოს მთავრობა “ბორჯომის” ჰოლდინგის მფლობელ კომპანია Rissa Investment Limited-ში 7.73%-იანი წილის მფლობელი გახდა. შედეგად, სანქცირებული მილიარდერის მიხაილ ფრიდმანის “ალფა ჯგუფის” წილი კომპანიაში 57.72%-დან 49.99%-მდე შემცირდა. მხარეებს შორის შეთანხმებით, სააქციო პაკეტთან ერთად, სახელმწიფო წარმოდგენილია “ბორჯომის” დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელია. შეგახსენებთ, 2022 წლის მარტში “აიდიეს ბორჯომი საქართველოს წარმომადგენლობამ” განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების გამო, კომპანია საქმიანობას აჩერებდა. ოპერირების განახლების შესახებ განცხადება 13 ივნისს გაკეთდა, მაშინ ითქვა, რომ ფრიდმანის კომპანია საქართველოს მთავრობას აქციების 7.73%-იან პაკეტს აჩუქებდა.

Pace ჯგუფმა ფოთში ახალი ნავმისადგომი გახსნა:

„პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადურის გახსნა, რომელშიც 120 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ახალი ნავმისადგომის სიგრძე 260 მეტრია, ხოლო წყლის სიღრმე 13 მეტრი. ახალ პორტს 50,000 ტონის ტვირთამწეობის გემების მიღება შეუძლია. ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნით საქართველოს გამტარუნარიანობა 3.5 მლნ ტონით გაიზარდა.

ფარმაცევტულ ბაზარზე ცვლილებები:

საქართველომ თურქეთისთვის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა. წამლები, რომლებიც თურქეთის ბაზარზე არის აკრედიტებული, მათ შორის უშუალოდ როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნა აღიარებული. საქართველოს მთავრობის შეფასებით, მხოლოდ თურქეთის ბაზრის გახსნით, მედიკამენტებზე ფასები 60-80%-ით შემცირდა, რითაც მოქალაქეებმა დაახლოებით 200 მლნ ლარი დაზოგეს.

მთავრობამ ბანკებს მოგების გადასახადი 20%-მდე გაუზარდა

2022 წლის დეკემბერში მთავრობამ განაცხადა, რომ საბანკო სექტორის მოგების გადასახადს 15%-დან 20%-მდე გაზრდიდა. შესაბამისი ცვლილება ბანკებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით წარიმართა. და საბანკო სფეროსთვის გადასახადების დონე გაიზარდა.

ENKA-მ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანა:

ENKA-მ რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა. ENKA-s შეფასებით, საქართველოს მთავრობამ დაარღვია მემორანდუმი, რის შედეგადაც კომპანიამ საქმიანობის გაგრძელება ვერ შეძლო. ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე. პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.

სანქცირებული “ვითიბი ბანკის” სესხების და დეპოზიტების გასხვისება:

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსული საფინანსო სისტემისთვის სანქციების დაწესებამ საქართველოს საფინანსო სექტორშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობა. სანქციები გავრცელდა საქართველოში მოქმედ რუსული სახელმწიფო ბანკის „ვითიბის“ შვილობილ “ვითიბი ბანკ საქართველოზეც”. “ვითიბი ბანკმა”, რომელიც თებერვლიდან მოყოლებული აშშ-ის ხაზინის სანქცირებულ პირთა სიაშია, 2022 წლის 11 თვეში 72.6 მილიონი ლარით იზარალა. ბანკმა წელს საკუთარი აქტივების, სესხებისა და დეპოზიტების უდიდესი ნაწილიც დაკარგა. იმისთვის, რომ ბანკის მომხმარებელი არ დაზარალებულიყო, “ვითიბიში” არსებული ფიზიკური პირების ანაბრები და სესხები ბაზის ბანკში გადავიდა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტები და სესხების გარკვეული ნაწილი გადაიბარა “ლიბერთიმ”.

Binance-ი საქართველოში ოფისის გახსნას გეგმავს:

Binance-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ჟაო 30 ნოემბერს საქართველოში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ხოლო შემდეგ თიბისის გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძეს შეხვდა. ამასთან, “თიბისისთან” Binance-მა თანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმა. ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, Binance საქართველოში ოფისის გახსნასაც გეგმავს.

პირველი ციფრული ბანკი საქართველოში:

2022 წელს საბანკო სისტემას ახალი, რიგით მეთხუთმეტე მოთამაშე შეემატა. საუბარია “პეისერა საქართველოზე”, რომლის გენერალური დირექტორიც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილია. “პეისერა საქართველოს” ბიზნეს მოდელი ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს.”პეისერა საქართველო” ციფრული ბანკი იქნება და ის კლიენტებს მომსახურებას ფილიალების გარეშე გაუწევს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, “პეისერა საქართველომ” სებ-ში 5 მილიონი ლარის მოცულობის კაპიტალის არსებობა დაადასტურა.

რიყის დოქები გაიყიდა:

თბილისში რიყის ტერიტორიაზე მდებარე ე.წ რიყის დოქები მეშვიდე აუქციონზე გაიყიდა. 14591.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი მთავრობამ 10 მლნ ლარად გაყიდა. 2022 წლის მარტში ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა, ობიექტი 10 მილიონ ლარად შეიძინა. აღსანიშნია, რომ შეძენიდან რამდენიმე თვეში, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მზადაა ობიექტის 50% გაყიდოს. საინვესტიციო შეთავაზებაში არ არის დაკონკრეტებული რამდენი მილიონი ლარი იქნება ‘რიყის დოქების” საწყისი ღირებულება.

საქართველოში პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი გამოჩნდა:

ქართულ ბაზარზე პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი “Hallo” გამოჩნდა, რომელიც არსებული ოპერატორების ალტერნატივაა. კომპანია სერვისის მიწოდებას უკვე არსებული ოპერატორების ინფრასტრუქტურის დახმარებით უზრუნველყოფს. ქსელმა უკვე გაიარა სატესტო რეჟიმი და მუშაობა სრული დატვირთვით, “Hallo”-ს ბრენდით დაიწყო.

ქართული სტარტაპის საერთაშორისო აღიარება:

ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა Theneo-მ აშშ-ის მხარდაჭერით 1.5 მლნ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. როგორც ცნობილია, ანა რობაქიძის ქართულ-ამერიკულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Theneo-მ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში, Web Summit-ის მიერ მოწყობილ PITCH-ში გაიმარჯვა. აღნიშნული კონფერენცია ლისაბონში გაიმართა და მას 70 ათასი ადამიანი და მსოფლიოს არაერთი წამყვანი კომპანიისა თუ სტარტაპის წარმომადგენელი ესწრებოდა. Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მარტივად და სწრაფად შევქმნათ ხარისხიანი და ინტერაქციული API-დოკუმენტაცია.

პირველი არხის შენობა 77 მილიონ ლარად გაიყიდა:

პირველი არხის შენობა 77 მილიონ ლარად “ვისოლ ჯგუფმა” შეიძინა. ინვესტორი კომპანია ადგილზე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის აშენებას გეგმავს. პირველი არხის უძრავი ქონება 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობებია განთავსებული. შესაბამისად, აუქციონზე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ღირებულება 2,309 ლარი, ანუ 813 დოლარი იყო. უძრავი ქონების აუქციონში საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა დააფიქსირა, შესაბამისად, ტელევიზიის შენობა ერთი ბიჯით გაიყიდა.