დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა კიდევ ერთხელ – მომავალშიც გავაგრძელოთ ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ მშვიდობის ხიდზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
გიორგი ბარამიძის თქმით, მათი გზავნილების ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაა, რომელსაც პატიმრობაში ჰყავს მიხეილ სააკაშვილი.
„თვითონ ამ რეჟიმმა გამოაქვეყნა კადრები და პრეზიდენტ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა მთელმა მსოფლიომ დაინახა. ბუნებრივია დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა. ეს არ არის პირველი აქცია და არც უკანასკნელი. ჩვენ, არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მეგობრები, არამედ ის ნორმალური ადამიანებიც, რომლებიც შეიძლება არც კი არიან მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, შეიძლება პოლიტიკური მოწინააღმდეგეებიც იყვნენ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ კანონი უნდა კანონობდეს, არ შეიძლება ხელისუფლებამ მოკლას, მით უმეტეს ასეთ წამების პირობებში, ვაპირებთ, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად.
გზავნილების ადრესატი არის საქართველოს ხელისუფლება, ვისაც პატიმრობაში ჰყავს მიხეილ სააკაშვილი, ვინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პუტინს და სიმონიანებს გაუხარდეს მიხეილ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
გიორგი ბარამიძის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ აქცია ერთ ლოკაციაზე გამართულიყო, თუმცა ორ ადგილას გამართვაშიც დრამატულს ვერაფერს ხედავს.
„ჩემი აზრით კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყო ერთ ადგილზე, მაგრამ თუ არის სხვადასხვა ადგილას, ამაშიც ვერაფერ დრამატულს ვერ ვხედავ. ეს ლოკაცია აირჩია პარტიამ, პარტიის ოფიციალურ გვერდზე ეს ლოკაცია იყო გამოცხადებული. მე არ ვიღებ მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში, ამიტომ არ მოქმედებს ჩემზე არანაირი პრეფერენციები, რომელ კანდიდატს, სად აქვს თავისი აზრის გამოხატვის სურვილი, აზრს პატივს ვცემ, უბრალოდ ოფიციალური ლოკაცია იყო აქ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.