ირაკლი კობახიძე – პატრიარქის ცხოვრება და მოღვაწეობა ბოროტზე კეთილის, ურწმუნობაზე რწმენისა და უსამშობლობაზე სამშობლოს გამარჯვების მაგალითი იყო

გასული ათწლეულების განმავლობაში ურწმუნოთა და უსამშობლოთა რამდენიმე თაობამ სცადა, პატრიარქის ავტორიტეტს შეხებოდა, თუმცა მისი სიწმინდის წინაშე ყველა ეს მცდელობა უძლური აღმოჩნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს!

როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რიგითი წარმომადგენელი და ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, მადლობას ვუხდი პატრიარქს უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერი გაძლიერებისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობისათვის გასწია.

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში იყო არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპოქის განუყოფელი ნაწილი, არამედ მან თავად შექმნა ეპოქა, რომელმაც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობა მოუტანა. ამ ეპოქას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გასდევდა პატრიარქის გასაოცარი სიბრძნე, რომელიც იყო ღმერთის გამორჩეული საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ საჩუქარს თითოეული ჩვენგანისგან განსაკუთრებული დაფასება და მოფრთხილება სჭირდება.

გასული ათწლეულების განმავლობაში ურწმუნოთა და უსამშობლოთა რამდენიმე თაობამ სცადა, პატრიარქის ავტორიტეტს შეხებოდა. თუმცა, მისი სიწმინდის წინაშე ყველა ეს მცდელობა უძლური აღმოჩნდა. პატრიარქის ცხოვრება და მოღვაწეობა ბოროტზე კეთილის გამარჯვების, ურწმუნობაზე რწმენის გამარჯვებისა და უსამშობლობაზე სამშობლოს გამარჯვების გამორჩეული მაგალითი იყო და იქნება მრავალი თაობისთვის.

პატრიარქს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დიდხანს მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ!“, – წერს ირაკლი კობახიძე.