საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისათვის კეთილსაიმედო პირობების შექმნა გრძელდება.
მისივე თქმით, სახელმწიფო არ დაიშურებს ძალისხმევასა და თანხებს, საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის პირობები მაქსიმალურად მორგებული იყოს.
როგორც მიხეილ დუნდუა ამბობს, სახელმწიფო ასევე გააგრძელებს მუშაობას, რომ საპენსიო სესხებზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთი ძველ სესხებზეც გავრცელდეს.
„საქართველო აგრძელებს მიზანმიმართული, მწყობრი სოციალური პოლიტიკის რეფორმირებას და გაგრძელებას, რასაც ჰქვია კეთილსაიმედო პირობების შექმნა პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისათვის. ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა, ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. გახსოვთ, 150-პროცენტიანი სესხი გაიცემოდა პენსიონერებზე და სახელმწიფო პოლიტიკა ყურადღების მიღმა ტოვებდა ამ საკითხებს, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, ყველაფერს აკეთებს, რათა გაიზარდოს პენსია და იყოს უზრუნველყოფილი სიბერე, ღირსეული პირობები ასაკოვანი ხალხისთვის, აგრეთვე ცდილობს საპროცენტო განაკვეთების დაწევას როგორც პრუდენციული პოლიტიკის დახვეწის, ასევე სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებით. ეს ფაქტია და ჩვენ წლიდან წლამდე დავინახავთ, რომ მეტად შემცირდება საპროცენტო განაკვეთი სესხებზე და გაიზრდება პენსია.
არა მარტო ჩვენ ვხედავთ, როგორ იმართება სოციალური პოლიტიკა, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რეგულარულ ანგარიშში საქართველოს სოციალური დაცვის პოლიტიკა განსაკუთრებულად გამოარჩია რეგიონში, სამაგალითო უწოდა. გამოარჩია როგორც ეფექტურობის, ისე მოცვადობის, ადეკვატურობის მიხედვით. შესაბამისად, რომ შევაჯამო როგორც საპენსიო რეფორმა, ისე პენსიები, საპროცენტო განაკვეთი საპენსიო სესხებზე, აგრეთვე სოციალური დაცვა, სოციალური დახმარება შეჭირვებულთათვის – ეს პოლიტიკა მუდმივად გაუმჯობესდება. ამ მიმართულებით წლიდან წლამდე უკეთესი პირობები გვექნება. სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ეს არ იქნება მძიმე ტვირთი, მაგრამ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ დაიშურებს რამდენიმე მილიონი ლარის გაღებას იმისათვის, რომ პენსიის დარიგება მოხდეს სწორად, ეფექტურად დროში, აგრეთვე საპენსიო სესხები იყოს ხელმისაწვდომი და მათზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი არ არსებობდეს.
სახელმწიფო არ დაიშურებს ძალისხმევასა და თანხებს, რათა საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის პირობები მაქსიმალურად მორგებული იყოს. ამ ეტაპზე ახალი ნაბიჯები ყველა ახალ გაცემულ სესხთან დაკავშირებით იმოქმედებს. რაც შეეხება ძველ სესხებს, სახელმწიფო ამ მიმართულებითაც გააგრძელებს მუშაობას, თანამშრომლობას და შევხედოთ, ეროვნული ბანკი, სახელმწიფო, „ლიბერთი ბანკი“ შევძლებთ საერთო გზების გამონახვას, რომ მოსახლეობისათვის პირობების გაუმჯობესება ყველა მიმართულებით გახდეს შესაძლებელი“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.