NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთმა შესაძლოა, მთვარეზე ტერიტორიები მიისაკუთროს

გამოცემა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში NASA-ს ხელმძღვანელმა, ბილ ნელსონმა განაცხადა, რომ თუ ამ კოსმოსურ რბოლაში ჩინეთი გაიმარჯვებს, შესაძლოა, დედამიწის ერთადერთ თანამგზავრზე ტერიტორიები მიისაკუთროს, კერძოდ, ისეთი არეალები, სადაც მინერალებისა და სხვა რესურსების სიმრავლეა.

ნელსონის თქმის, არაა გამორიცხული, რომ ქვეყანამ მთვარის მისიების განხორციელებაში სხვა სახელმწიფოებსაც შეუშალოს ხელი.

“ეს ფაქტია: ჩვენ კოსმოსურ რბოლაში ვართ ჩართულნი. სიმართლეა, რომ სჯობს, ისინი სამეცნიერო კვლევის სახელით მთვარეზე არ დაფუძნდნენ. სრულიად შესაძლებელია, გვითხრან, რომ მოვერიდოთ, რადგან ეს მათი ტერიტორიაა. თუ ამაში ეჭვი გეპარებათ, გაიხსენეთ, რა მოიმოქმედეს სპარტლის კუნძულებზე”, – ამბობს NASA-ს ხელმძღვანელი, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მოწყობილ სამხედრო ბაზებს გულისხმობს.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის კოსმოსური პროგრამების ფარგლებში სპეციალისტები მომდევნო წლებში ჩანიშნულ მთვარის მისიებზე მუშაობენ და ძალას არ იშურებენ, რათა წარმატებას მიაღწიონ. მხოლოდ უკანასკნელ რამდენიმე წელში ჩინეთმა ჩვენი პლანეტის თანამგზავრსა და მარსზე ზონდები, დასაჯდომი მოდულები და მავალები გაგზავნა, რაც ცხადყოფს, რომ ქვეყანა ამ მხრივ სერიოზულ პროგრესს განიცდის. ამას NASA-შიც აღიარებენ.

“ბოლო დეკადის განმავლობაში ჩინეთს აუარება წარმატება და წინსვლა ჰქონდა. ასევე, მართალია, რომ მთვარეზე მათი დაშვების თარიღი ნელ-ნელა ახლოვდება”, – განაცხადა ნელსონმა.

ჩინეთმა დედამიწის ორბიტაზე ახალი კოსმოსური სადგური უკვე ააგო. ისინი გეგმავენ, რომ ამ ათწლეულის ბოლომდე მთვარეზე ასტრონავტები გაუშვან. მეორე მხრივ, NASA-მ მთვარის პროგრამა Artemis-ის ფარგლებში პირველი უეკიპაჟო მისია უკვე წარმატებით განახორციელა, ეკიპაჟი კი იქ დასაშვებად 2025 წელს გაემგზავრება.

აშშ-ში შიშობენ, რომ შესაძლოა, ჩინეთმა მათი კოსმოსური სისტემების ფუნქციონირებასაც შეუშალოს ხელი, რითაც პოლიტიკურ ძალაუფლებას მოიხვეჭენ, ეს კი საფრთხის შემცველად მიაჩნიათ.