„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები ქვეყნის სხვადასხვა ადგილას მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდერობის აქციას მართავენ. აქციის ლოზუნგია „გადავარჩინოთ მიშა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ფრთა, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ხელმძღვანელობს, მთავრობის ადმინისტრაციასთან არის შეკრებილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე არის გააქტიურებული. შეგიძლიათ, ნახოთ წინა წლის ახალი წლის დღეები, მაშინაც ტყვეობაში გვყავდა პრეზიდენტი სააკაშვილი. შესაბამისად, კარგია, რომ ახლა კამათი მიდის ლოკაციებზე, საათზე, ფორმაზე. მნიშვნელოვანია, რაც მეტი პროტესტი იქნება, რაც მეტი მოძრაობა და მოქმედება იქნება. რატომ შეიძლება, აღელდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ თავმჯდომარე და მისი მომხრეები ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციაზე. გულწრფელად გეუბნებით, მე არ მესმის. არჩევნები გვაქვს, რადგან ამ საქმიან ნაწილში არის შეუთანხმებლობა, შესაბამისად, ამომრჩეველი გადაწყვეტს, როგორი „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან.
მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ნიკა მელიას მამა ანზორ მელია. როგორც ანზორ მელიამ განაცხადა, ის არ უერთდება აღნიშნულ ლოკაციაზე მიმდინარე აქციას და მონაწილეობას მიიღებს მშვიდობის ხიდზე მიმდინარე აქციაში, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით იმართება.
მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის აქცია იმართება ზუგდიდშიც, სადაც იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მელიას თქმით, სახელმწიფოს ინტერესშია, მიხეილ სააკაშვილი იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რათა სახელმწიფოს შეუნარჩუნდეს ევროპული მომავლის შანსი და ეს საგარეო პოლიტიკური კურსი კვლავ დაუბრუნდეს ქვეყანას.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც, პარლამენტის ყოფილ შენობასთან. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებას სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად დაუყოვნებელი ზომების მიღებას სთხოვენ.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება ასევე ბათუმში. „თავისუფლება მიშას“, „ნუ მოკლავთ კიდევ ერთ პრეზიდენტს“, – ამ შინაარსის პლაკატებით გამოვიდნენ აჭარის მთავრობის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. აქციის მონაწილეებმა ანთებული სანთლებით ქუჩაში გააკეთეს წარწერა „გახსოვდეს მიშა“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართთავენ შეკვეთილშიც, ბიძინა ივანიშვილის სახლის შესასვლელთან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, პუტინის დავალებით მიმდინარეობს კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის წამება. აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად გაიმართება. აქციის მონაწილეებს საქართველოს, აშშ-ის, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები აქვთ გამოფენილი.
შეგახსენებთ, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სააკაშვილის მხარდასაჭერად იკრიბებოდნენ 4 იანვარს, 18:00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან და შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან“.
გუშინვე პარტიაში განმარტეს, რომ, რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სოლიდარობის აქცია თბილისში, 4 იანვარს მშვიდობის ხიდზე გაიმართებოდა, ხოლო ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იქნებოდა არა ორი, არამედ რვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების თანახმად, რვა ლოკაციიდან სამის – თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება დაევალა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის საკითხი, რომელიც უნდა აერთიანებდეთ და, სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ.