შვედეთის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან ბრძოლაში მარცხდება.
შვედეთი გასულ წელს ჯგუფურ დანაშაულთან ბრძოლაში დამარცხდა – ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა გუნარ სტრომერმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 2022 წელს სადღესასწაულო დღეების პერიოდში ქვეყნის მასშტაბით მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების დროს 63-ე ფატალური გასროლა დაფიქსირდა.
„მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ შედეგები მნიშვნელოვნად უკეთესი იქნება“, – განაცხადა სტრომერმა შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის SVT-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.
იუსტიციის მინისტრმა რეგიონულ სამართალდამცავ ორგანოებს ქვეყანაში არსებული სერიოზული დანაშაულის დასამარცხებლად რესურსების გაერთიანებისკენ და ძლიერი მობილიზებისკენ მოუწოდა.
საშობაო დღესასწაულებს ძალადობრივი ინციდენტების მთელი ტალღა მოჰყვა, რაც ახალი წლის დადგომის შემდეგაც გაგრძელდა. შვედური მედია იუწყება, რომ შობის დილას სტოკჰოლმის ერთ-ერთ უბანში საბედისწერო გასროლის შედეგად 27 წლის მამაკაცის სიკვდილს ქვეყანაში არსებულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან უშუალო კავშირი აქვს.
ორი დღის შემდეგ აფეთქება მოხდა სტოკჰოლმის სამხრეთ ნაწილში არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომელიც ასევე, ზემოთ აღნიშნულ მკვლელობას უკავშირდება.
მოგვიანებით სტოკჰოლმის სამხრეთით დაფიქსირებულ სროლებთან დაკავშირებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს. იმავე ღამეს აფეთქება მოხდა შვედეთის დედაქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში. ინციდენტი ასევე, ორგანიზებულ დანაშაულთან იყო დაკავშირებული.
სტრომერმა შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიერ ჩადენილი მნიშვნელოვნად მომატებული ბოროტმოქმედებების აღკვეთა ასე მარტივად ვერ მოხდება და რომ ახალ მთავრობას ვითარების გამოსასწორებლად გარკვეული დრო დასჭირდება.
თუმცა, მინისტრის თქმით, აღნიშნული მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა; პოლიციის ძალების ფინანსური რესურსები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც სამართალდამცავების მხრიდან სკოლებისა და სოციალური სამსახურების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება და ადვილად მოწყვლადი არასრულწლოვნები კრიმინალური დაჯგუფებების ზეგავლენის ქვეშ ადვილად ვეღარ მოექცევიან.
წყარო: alt-info.ge