საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ გუშინდელ აქციებს უკავშირებს „პარტიის შიგნით წარმოებულ, ხშირ შემთხვევაში, დაუნდობელ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც ურთიერთშეურაცხყოფით, მუქარით, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებითაა გაჯერებული“.
ცაგარეიშვილის თქმით, ეს ყველაფერი გრძელდება და ძალიან მალე პიკსაც მიაღწევს, რადგან არ არსებობს არავითარი გამაერთიანებელი ფაქტორი.
„როგორც ჩანს, ბელადის ფაქტორმაც ვერ გააერთიანა მის ჩრდილქვეშ მყოფი თანაპარტიელები. ამიტომ მათ გადაწყვიტეს სხვადასხვა ლოკაციაზე შარჟისმაგვარი აქციების გამართვა და შემდეგ იქიდან ურთიერთისთვის მუშტის მოღერება, ასევე, მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა. რაც დრო გავა, ეს უფრო ნაკლებად საინტერესო გახდება. ყველაფერი, რაც ხდება პარტიაში, რაც ხდება სააკაშვილის და პრიმიტივების თავს, ვინც შეკრებილი არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, კარგად წარმოაჩენს პარტიის სრულ დეგრადირებას და იმას, რომ არაფერი ამ ადამიანებს არ ეშველებათ. გინდათ პარტიის შიგნით, გინდათ პარტიის გარეთ, ძალადობისკენ მოწოდება და მუქარა მათი ცხოვრების წესია. ამ მოწამლულ გარემოში ცხოვრობენ და ამიტომ არიან ტოქსიკურები როგორც შიგნით, ისე პარტიის გარეთაც“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.