სსრკ დაშლის შემდეგ, დასავლეთმა “ლგბტ”-ს იდეოლოგიის მეტი, ვერაფერი შესთავაზა მსოფლიოს, კაპიტალიზმმა კი თავისი უსუსური სახე აჩვენა!

გასული, 2022 წელი ბევრით იყო აღსანიშნავი, უპირველესად უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებით — სერიოზულ ომში გადაზრდილით; კოლექტიური დასავლეთის ერთ მუშტად შეკვრით — უკრაინელთა მხარდასაჭერად; „აგრესორი“ რუსეთის დასამარცხებლად; მის საბოლოო გასანადგურებლად; რუსეთის წინააღმდეგ ათასობით ეკონომიკური სანქციების დაწესებით და აქედან გამომდინარე მსოფლიოს, განსაკუთრებით ევროპის ენერგეტიკული კრიზისის გამოწვევით; ეკონომიკური განვითარების შეფერხებით, დეგრადაციით;

  • განვითარებული ევროპის, კოლექტიური დასავლეთის ეკონომიკურ-სოციალური მწვერვალებიდან, გასული საუკუნეების წყვდიადში დაბრუნებით; კოლექტიური დასავლეთის ლიდერის, აშშ-ს მსოფლიო ჰეგემონობისთვის წყლის შეყენებით;
  • ერთპოლუსიანი მსოფლიოს მრავალპოლუსიანობის ჩამოყალიბებისთვის პირველი  ნაბიჯების გადადგმით; უკრაინის ომის ფონზე დასავლეთ—აღმოსავლეთს შორის ბირთვული ომის გაჩაღებაზე ლაპარაკის დაწყებით;
  • კოლექტიური დასავლეთის მახინჯი, მატყუარა სახის გამოვლინებით; დასავლური ტყუილის მანქანის წარმოუდგენელი სისწრაფით ამუშავებით; ტყუილით, ტყუილით, ტყუილით — კოლექტიური დასავლეთის მთავარი საყრდენის დახვეწით;
  • მრავალი მანკიერების გამოვლინებით, რომელსაც დასავლეთი მანკიერებად არ მიიჩნევს, პირიქით ცხოვრებისთვის აუცილებელ ატრიბუტად თვლის;
  • და ბოლოს, 24 თებერვლით, რომელმაც კარდინალურად შეცვალა 2022 წლის 23 თებერვლამდე არსებული ცხოვრება.

2022 წლის 23 თებერვლამდე არსებული მსოფლიო ისე შეიცვალა, რომ კაცობრიობა, განსაკუთრებით ევროპა-ამერიკაში მცხოვრებნი, დაუჯერებლად მიიჩნევენ თვალსა და ხელს შუა გაპარულ კეთილდღეობას, დღევანდელი გაუკუღმართებული ყოფის ფონზე.

განვლილმა არასრულმა ერთმა წელმა დაგვანახა კაპიტალიზმის უსუსური სახე, ესოდენ ნაქებ-ნადიდებისა, იმავე კაცობრიობის მიერ.

კაპიტალიზმის თაყვანისმცემელ კაცობრიობას ეჭვი უჩნდება ამ სისტემის სტაბილურობის მიმართ თუ კაპიტალიზმს, კაცობრიობის უსუსურობის მიმართ, ჯერც გამოსაკვლევია, სერიოზულად შესასწავლია. შესასწავლია იმდენად, რამდენადაც სავალალო შედეგი თერთმეტთვიანი გამოწვევისა, აიძულებს კაცობრიობას გადადგას ასეთი ნაბიჯი, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაეცეს პასუხი კითხვას — ფინანსებით აღსავსე, ეკონომიკურად ძლიერი, ისე, როგორც შეიარაღებით, იდეოლოგიური ბრძოლის მანქანით უზრუნველყოფილი, თანამედროვე ტექნიკა-ტექნოლოგიით აღჭურვილი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, თავისუფლების ლოზუნგებით მოსიარულე სისტემის დაჩოქება რით არის გამოწვეული?!

კაცობრიობამ უნდა გასცეს პასუხი უმნიშვნელოვანეს კითხვას — იყო თუ არა სწორი 1991 წელს განხორციელებული გამანადგურებელი შეტევა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საოცნებო, სანუკვარ იდეოლოგიაზე და ამ იდეოლოგიის მატარებელ ქვეყანაზე, გონივრული?

იქნებ კაცობრიობის განვითარებისთვის აუცილებელიც იყო ერთმანეთის საწინააღმდეგო ორი იდეოლოგიის არსებობა?! მხოლოდ კონკურენციის პირობებში იბადება ჭეშმარიტებაო — ასე არ გვმოძღვრავდნენ მოწინავე, მათი გაგებით, მენტალურად ყველაზე მაღლა მდგომი დასავლელები?

მაღალი განვითარების, ჭკუიანი დასავლეთისთვის ხომ ყოველთვის იყო შესაძლებელი, საკუთარი ჭკუა-გონების საშუალებით, მუდმივი პრიორიტეტი ჰქონოდა დაბალი განვითარების ადამიანზე, როგორადაც ის აღმოსავლეთს მიიჩნევდა? და არა მარტო აღმოსავლეთს?

უდავოდ შეეძლო, ოღონდ იმ შემთხვევაში, ღმერთის მიერ ნაბოძები ჭკუა-გონება რომ მხოლოდ მისთვის, ანუ დასავლეთისთვის ყოფილიყო გამოყოფილი და არა აღმოსავლეთისთვის, სხვისთვის.

დასავლეთის უჭკუობაც იმაში გამოვლინდა, რომ მან ჭკუიანობა დაიჩემა, სხვაზე მეტი — გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით.

დასავლეთის მტკიცებით, ჭკვიანი არც რუსეთში, არც ჩინეთში, ინდოეთში, აფრიკის 50 ქვეყანაში და არც ლათინურ ამერიკაში არ იბადება, ჭკვიანი ამერიკა-ევროპაში ჩნდება, „ცივილიზებულ ერებში“.

მხოლოდ უჭკუო დასავლეთს მოუვიდოდა თავში მოპაექრე სისტემის — კომუნისტურის განადგურება. არადა იმ უჭკუო დასავლეთს, რომელმაც მე-2 მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ხილულ-ფარული ომი დაუწყო საბჭოთა კავშირს, დღევანდელ პოლიტიკოსებთან შედარებით მართლაც ჭკვიანი პოლიტიკოსები მართავდნენ.

ტყუილია მტკიცება იმისა, რომ ომში გამარჯვებული საბჭოეთი — კომუნისტური სისტემა ემუქრებოდა კაპიტალიზმს განადგურებით. მე-2 მსოფლიო ომის დროინდელმა სამოკავშირო ურთიერთობებმა გამოავლინა კაპიტალიზმთან საბჭოეთის მშვიდობიანი თანაცხოვრების სურვილი, რაც ჯეროვნად არ შეფასდა დასავლეთში. და ომის დამთავრებისთანავე მას და მის მოკავშირე აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებს მტრობის ფარდა ჩამოაფარა — პოლიტიკური ტერმინოლოგიით „რკინის ფარდა“.

ასე გაიყო დასავლეთი და აღმოსავლეთი ორ მტრულ ბანაკად, რომელმაც 1991 წლის დეკემბრამდე იარსება — მოპაექრე იდეოლოგიის მატარებელი საბჭოთა კავშირის დაშლამდე.

და რა მოჰყვა მას? დაშლილი საბჭოთა კავშირის ადგილზე კაპიტალისტური სისტემის დაფუძნება. ერთ იდეოლოგიაზე ჩამოკიდებულმა კოლექტიურმა დასავლეთმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ახალ იდეოლოგიად ლგბტ-ს სთავაზობს კაცობრიობას, ანუ გადაშენებას.

ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მათ მიერ ბავშვის აყვანა, გაზრდა, ტრანსვესტიტობისთვის ხელის შეწყობა, კაცობრიობისთვის სხვა მანკიერების თავს მოხვევა, ფაშიზმის რეანიმაცია, ფაშისტური იდეოლოგიისთვის არასახიფათო, კეთილი შეფერილობის მიცემის მცდელობა.

იდეოლოგიურმა აბრაკადაბრამ, დასავლელ პოლიტიკოსთა არაპროფესიონა­ლიზმმა, ხელმრუდეობამ, მე-2 მსოფლიო ომში განცდილი მარცხის რევანშიზმით კომპენსაციამ ააღორძინა „ყავისფერი ჭირი“ უკრაინაში.

მიზანი? ისე, როგორ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ომი აღმოსავლეთში, კერძოდ იქ არსებული ქვეყნის, რუსეთის მიმართ. დასავლეთმა თანამედროვე „დღის წესრიგი“ შექმნა, მსგავსი, მეორე მსოფლიო ომის.

„დღის წესრიგი“ — სიკვდილი რუსეთს. რუსეთის დაჩოქება-დაქცევის მსურველი და მეოცნებე დასავლეთი, თვით აღმოჩნდა დაჩოქილი.

2022 წლის 23 თებერვლამდე განვითარებული და ეკონომიკურად უზრუნველყოფილი ევროპა, რომ კაცს დანახვისთანავე გაოცებით პირს დააღებინებდა, ფაქტია. პირდაღებული, რომ იტყოდა — ამაზე უკეთესი რაღა უნდა იყოსო, ახლა გაოცებით ამბობს — 11 თვეში რა ისეთი ეტაკა, ქვის ხანაში რომ დაბრუნდაო.

ზამთრით გაყინულ სახლებში მცხოვრები ევროპელები, ქარისა და მზის ფანტასტიკური ენერგიის ნაცვლად, ქვანახშირსა და შეშას დაუბრუნდნენ, თუმცა უსახსრობის გამო არც ამის თავი აქვთ.

კაპიტალიზმის სისტემურმა აუწყობლობამ ისე, როგორც არაერთხელ, კვლავ შეგვახსენა თავი და მასთან ერთად დასვა კითხვა — შეძლებს თუ არა ის უმძიმესი კრიზისიდან თავის დაღწევას?

კაცობრიობა ახალი გარდაქმნის წინაშე დგას, ახალი იდეოლოგიის შექმნის — არა ლგბტ-ს ან ფაშიზმის, არამედ ახლის. რა დაერქმევა მას, ძნელი გამოსაცნობია, ისე, როგორც სახელის ქვეშ წარმოშობილი შინაარსის, ანუ იდეოლოგიის.

ახლის ძიებაში ისევ იბადება კითხვა — რას ერჩოდნენ, რას ებრძოდნენ მოპაექრეს — კომუნისტურად ცნობილს?!

(გაგრძელება იქნება)

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი