გერმანიაში საახალწლო ღამეს მომხდარმა არეულობამ, რა დროსაც ქალებზე სექსუალური ძალადობის არაერთი შემთხვევაც დაფიქსირდა, მასობრივ იმიგრაციასთან დაკავშირებით დებატების გამართვას მისცა ბიძგი.
გერმანიაში ახალი წლის ღამეს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებსა და ქვეყნის მიგრანტების მზარდ რაოდენობას შორის არსებული კავშირის თაობაზე გერმანიის პოლიტიკურმა პარტიებმა დებატები გამართეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მონაცემებით, დაკავებული პირების აბსოლიტური უმრავლესობა მიგრანტები აღმოჩნდნენ, ქვეყნის მმართველი სოციალ-დემოკრატები აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზად ინტეგრაციასთან დაკავშირებით გატარებული პოლიტიკა არ უნდა ჩაითვალოს.
უნდა აღინიშნოს, რომ შოკისმომგვრელი მოვლენები, რომელმაც ბერლინი და ქვეყნის სხვა ქალაქები საომარ ზონად აქცია, ამჯერად რასიზმის პრობლემას არ დაბრალდა. გერმანელმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ ახალი წლის ღამემდე გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მასობრივ იმიგრაციასთან მიმართებით. ანტიიმიგრაციული ოპოზიციური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის და მემარცხენე-ცენტრისტული CDU პარტია წარუმატებელ იმიგრაციულ პოლიტიკაზე საუბრობენ, რასაც ძალაგამოცლილმა გერმანელმა საზოგადოებამ შესაძლოა მალე აქტიურად დაუჭიროს მხარი. ეს პარტიები პოლიციის გაერთიანებებთან ერთად გერმანიას ღია დებატების გამართვისკენ მოუწოდებენ, რათა გაირკვეს, თუ ვინ იდგა აღნიშნული ძალადობის უკან და რატომ.
„ეს ყველაფერი არალეგალური იმიგრაციის, წარუმატებელი ინტეგრაციის და სახელმწიფოსადმი უპატივცემულობის გამო ხდება“ – განაცხადა იენს სპანმა, CDU პარტიის წარმომადგენელმა და ქვეყნის ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა გერმანიის საინფორმაციო პორტალ t-online-თან საუბარში.
სპანის აზრით, ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმები და მათ შორის, ქალებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა, სახელმწიფოს სისუსტეს უსვამს ხაზს და პოლიტიკოსებმა უნდა დასვან შეკითხვა, თუ რატომ მეორდება ეს ძალადობრივი სცენები წლითიწლობით გერმანიაში.
გერმანული გამოცემა Junge Freiheit-ის ჟურნალისტი წერს, რომ „ვინც ახალი წლის ღამეს მომხდარი მოვლენების ამსახველი ვიდეოჩანაწერები ნახა, სადაც ქვეყნის ქუჩები საომარ ზონად არის ქცეული და სადაც ქალებზე სექსუალურად ძალადობენ, ექსპერტის შეფასების გარეშეც მიხვდება, რომ საქმე სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს, რომელიც კიდევ უფრო მწვავდება. თუ თვალებს ფართოდ გავახელთ და დიალოგებს და კომენტარებს მოვუსმენთ, მაშინვე მივხვდებით, რომ მეამბოხეები ძირითადად მიგრაციის ისტორიის მქონე ახალგაზრდა მამაკაცები არიან.“
წყარო: newposts.ge