ვასილ გოგალაძე: „ზოგიერთი პოლიტპატიმარი ცალი თვალით იყურებით – წარსულში, მეორე თვალით კი წარსულზე არანაკლებ მძიმე აწმყოს ვერ ხედავთ!“

არასდროს არ მსურდა ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარი, რადგან თავად არ გსურთ, სიმართლეს თვალებში ჩახედოთ. მაგრამ, ძალაუნებურად ღიად და მკაფიოდ გეტყვით და მოგმართავთ თქვენ, ჩემო პოლიტრეპრესირებულებო და პოლიტპატიმრებო!

ქოცების და ნაცების დასაცინი და საპამპულაო არავინ არ ხართ. მაშინ, როდესაც ჩვენ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს ოჯახებით ვეწირებოდით და ვებრძოდით, როდესაც ბიძინას ვუჭერდით მხარს და „ქართულ ოცნებას“ ვაშენებდით, დღევანდელი პარტიული ქოცების 98% თბილად იყო და აქეთ გვებრძოდა!  ეს თქვენთვისაც კარგად ნაცნობი რეალობაა ანუ სრული სიმართლე!

შორს რომ არ წავიდე მაგალითების საძებრად, საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახზე მოგახსენებთ: „მიშას“ დროს მამაჩემს დაატოვებინეს ლიკანის საჯარო სკოლის დირექტორობის თანამდებობა იმის გამო, რომ მე 7 ნოემბრის აქციებში მქონდა მონაწილეობა მიღებული, ხოლო საკუთრივ მამაჩემმა ადგილობრივ საარჩევნო კომისიაში მუშაობისას კანონი არ დაარღვია, „ნაციონალების“ კანდიდატს ხელოვნურად არ გაამარჯვებინა.

შემდეგ, როდესაც მეგონა, რომ ყველა წესიერი ქართველის, ყველა ჩვენგანის თავგანწირვის ფასად,  „ნაცები“ მოვაცილეთ საქართველოს, ამირან გოგალაძის ოჯახს მოსვენება არ ეღირსა.  როდესაც მამაჩემი რეანიმაციაში მოხვდა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, დედაჩემს მისი სიცოცხლე ვაჭრობის საგნად უქციეს აწ უკვე „ქოცების“ მიერ დანიშნულმა ბორჯომის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა. საქმე ის გახლავთ, რომ დედაჩემმა, რომელიც ასევე პედაგოგია და 2014 წელს ბორჯომის რაიონის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა,  თაღლით კომპანიებს ტენდერებში გზა გადაუკეტა, „ნაციონალი“ ბაღის გამგეების ნაცვლად, ბაგა-ბაღები წესიერი, პროფესიონალი კადრებით დააკომპლექტა. იქედან გამომდინარე, რომ მამაჩემს ძვირადღირებული წამლებით მკურნალობა დასჭირდა, მკურნალობაში დახმარების სანაცვლოდ, დედაჩემს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს, რათა ხელი აღარ შეშლოდათ ტენდერების განაწილებაში – ბაგა-ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი 700 000 ლარს შეადგენდა…

ეს არის ის, რაც პირადად ჩვენ გადაგვხდა და ეს შეგიძლიათ, ვისაც გაინტერესებთ, თავად გადაამოწმოთ ბორჯომის რაიონში. საუბედუროდ, კიდევ უამრავი ოჯახია საქართველოში, რომელთაც წესიერება არ დაუფასდათ და ცუდად შეუბრუნდათ – „ქოცების“ დროსაც ისევე, როგორც „ნაცების“ დროს ხდებოდა!

ამას იმიტომ არ გიყვებით, რომ ვინმეს რაიმეს ვთხოვ ან მით უმეტეს, თავის შეცოდება მინდა. არავისგან არაფერი მინდა, გარდა ერთისა – სამართლიანობისა! ვირთხებს არ უნდა ჰქონდეთ ხელში ჩაგდებული მთელი საქართველო!

მაგ ვირთხების ხელით იქნება ისევ,  ამ მთავრობის და მისი თავმჯდომარის გაწირვა, მაგის საფასური ერთხელ აგემეს ღარიბაშვილს და არც ახლა იტყვიან უარს, რა წამსაც კი შესაფერის დროს და ვითარებას ნახავენ!

მაგრამ მე არც ამ მთავრობის ბედი მადარდებს – როგორც მიჰყავთ საქმე, იმასვე მიიღებენ დამსახურებულად. მე უფრო ის მადარდებს, რომ თქვენ, ზოგიერთი პოლიტპატიმარი სააკაშვილის რეჟიმისა, ცალი თვალით იყურებით – წარსულში, მეორე თვალით კი წარსულზე არანაკლებ მძიმე აწმყოს ვერ ხედავთ!

მაინტერესებს: სალომეს სასახლესთან მისულ ადამიანებს ოდესმე გქონიათ განცდა, ბოლო ათი წელი მუდმივ რეჟიმში თუ არა, ეპიზოდურად მაინც – გეპროტესტებინათ ის მუხანათობა და ვირიშვილობა, რაც ქვეყანაში ხდებოდა?! კერძოდ, რას აკეთებდით, როდესაც თქვენი და ჩვენი დამჭერ მოსამართლეთა მთელი კოლეგია და ის ჯალათი პროკურორები, რომლებიც ათასობით უდანაშაულო ოჯახებს მიზანმიმართულად სპობდნენ და ანადგურებდნენ, ცივ ნიავს არ მიაკარეს?! თითქმის ყველა მათგანი რომ ძველებურად თანამდებობებზეა მოკალათებული და დაწინაურებული, არ გაღელვებთ?! მარტო „მიშა“ სჩადიოდა უსამართლობას თუ ასეთ ნაძირალა მოსამართლე-პროკურორებზე, პოლიციელებზე და სხვა ჩინოვნიკებზე იდგა მისი ხელისუფლება?! ამაზე რატომ ხმას არ იღებთ?!

„არ შეიწყალო მიშა, მიშა არ შეიწყალო, არ გაბედო სალომე!“ – გაჰყვირით ისე, თითქოს სალომეზეა ეს ამბავი დამოკიდებული და ეგ სალომეც ციდან იყოს ჩამოვარდნილი და არა „მამა-მარჩენალის“ მიერ ყველა ჩვენგანის თავზე დასმული!!

თქვენი ე. წ. აქცია, ბატონებო, ღიმილის მომგვრელი იყო, „ოცნების“ მიერ უნიჭოდ დადგმული! კიდევ ერთხელ გადაიყარა წყალში ათასები და დაიდგა ბანალური სპექტაკლი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სცენარისტებიც და რეჟისორებიც არ გივარგათ ან აღარ გყავთ, ქოცებო! ანკესწამოგებული მთელი ის მართული პროცესი სხვის გამჭრიახ და შორიდან მომზირალ თვალში ძალიან, ძალიან სამარცხვინო იყო!

ერთმა სულელმა დედაკაცმა გაჯობათ სალომეს სახით,  სატყუარასაც წამოეგეთ, ხოლო არაფრის მომცემ ქაოსს და თითქოს ჩამქრალ ნაკვერჩხალს ბენზინი თქვენივე ხელით მიგასხმევინათ.. სამომავლოდ კი რა იქნება, არავინ უწყის…

ყველაფერი აწ უკვე დროის საკითხია და იმ დიდი წყალგამყოფის წინაშე ბევრ თქვენთაგანს მოგიწევთ დადგომა და არჩევნის გაკეთება. 2023 წელი იქნება ძალინ ბევრი თქვენგანის გამოცდის ჩაბარების წელი.

დიდი პატივისცემით,

პოლიტპატიმარი ვასილ გოგალაძე