„არანაირად არ მაქვს ამის მოლოდინი, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ვინაიდან ვიცი მისი პოზიცია, რაც მან არაერთხელ გააჟღერა. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„არანაირად არ მაქვს ამის მოლოდინი, ვინაიდან ვიცი მისი პოზიცია, რაც მან არაერთხელ გააჟღერა. მე ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს, რომ ეს პოზიცია შეცვლილიყო. ის თავად გახლავთ, როგორც აღნიშნა, იმ პროტესტის მონაწილე, რომელიც სწორედ ეხებოდა გირგვლიანის საქმეს და დღეს გირგვლიანის საქმეზე მიდის მართლმსაჯულების აღსრულება. ყველა, ვინც ახლა ცდილობს, რომ რამენაირად დაიხსნას მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას.
პარლამენტი ვერავის ვერ გაათავისუფლებს. ჩვენ არ უნდა ვაქციოთ პოლიტიკური პროცესი ფარსად, არ უნდა ვაქციოთ მართლმსაჯულების დამოკიდებულება პირად გემოვნებად. ასე რომ, საქართველოს მართლმსაჯულება ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ ჩაერევა მართლმსაჯულების პროცესში. რაც არის განხორციელებული, თუ მიმდინარე პროცესები, თუ გამოტანილი განაჩენები, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილებები. ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს გადაწყვეტილებები შეცვალოს, ერევა მართლმსაჯულებაში, რაც, კიდევ ერთხელ, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ევროპულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.