ჩუტყვავილას შემთხვევები მკვეთრად იმატებს – პედიატრი თამარ ობგაიძე განმარტავს, რა ნიშნებით ვლინდება ეს დაავადება, რა გართულებები ახასიათებს და რომელია საშიში სიმპტომები.
პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე აღნიშნავს, რომ ჩუტყვავილას შემთხვევები იმატებს და იუთუბის საკუთარ არხზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც აღწერს, რა ნიშნებით ვლინდება ეს დაავადება, რა გართულებები ახასიათებს, შესაძლებელია, თუ არა ამ დროს დაბანა და როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს კლინიკაში გადაყვანა სჭირდება:
– ჩუტყვავილას გამომწვევი ჰერპესის ოჯახის ძალიან დიდი წარმომადგენელია და გადადება მარტივია. კერძოდ, როდესაც ავადმყოფი ადამიანი, რომელიც თქვენთან ახლოსაა, ახველებს, აცემინებს, ან ეხებით გამონაყარზე. ვირუსის შეჭრის შემდეგ, გამონაყრის განვითარებამდე, 2 დღით ადრე შეიძლება გადამდები იყოთ. ინკუბაციური პერიოდი 1-დან 3 კვირამდეა და ის ტემპერატურის მატებით გამოვლინდება ხოლმე, შეიძლება იყოს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, გამონაყარი. ჩუტყვავილას გამონაყარი ერთი და იგივე ტიპის არასოდესაა. გამოყრა სხვადასხვა ეტაპად ხდება და დამახასიათებელია ლაქოვანი ელემენტები, რომლებიც შემდეგ ბუშტუკის სახეს იღებს, მერე ბუშტუკი სკდება და ქერქია გამოხატული და ვინაიდან სხვადასხვა დროს ხდება გამოყრა, სხვადასხვა ტიპის ელემენტს ვხვდებით კანზე. ანუ, შეიძლება შეგვხვდეს როგორც ლაქა, ასევე ოდნავ ამობურცული ელემენტი, ბუშტუკი, ან სულაც ეროზიული ზედაპირი და ქერქი. გარდა ამისა, ჩუტყვავილას გამონაყრისათვის დამახასიათებელია საკმაოდ გამოხატული ქავილი, რაც მას სხვა ინფექციებისაგან განასხვავებს. მაგალითად, წითელას ან წითურას დროს ასეთი ტიპის გამონაყარი ბავშვს არ ექავება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ გამოყრა შეიძლება ორ ეტაპად მიმდინარეობდეს. მაგალითად, მესამე-მეოთხე დღეს თითქოს შემცირდეს, მაგრამ შემდეგ ისევ დაიწყოს გამოყრა. თანდათან გამონაყარი სრულად დაიფუფხება და ალაგდება. როგორც უკვე გითხარით, გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს კანზე, მათ შორის, თავის თმიან ნაწილში, სასქესო ორგანოების არეში, გარეთა სასმენი მილის არეში – გამონაყრის ელემენტები ყველგან შეიძლება იპოვოთ.
თამარ ობგაიძე ასევე აღნიშნავს იმასაც, თუ როგორ შეიძლება ბავშვს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ:
– პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ დავიცვათ ხელების ჰიგიენა. ბავშვს კარგად დააჭერით ფრჩხილები იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ისინი ამ გამონაყარს იქავებენ ხოლმე და შესაძლებელია, მეორადად ბაქტერიული ინფექციის შეჭრა და დაინფიცირება მოხდეს. თუ ძლიერი ქავილია გამოხატული, სავარაუდოდ, თქვენი ექიმი სპეციალურ საშუალებებს დაგინიშნავთ. არ დაგავიწყდეთ, მისცეთ ბავშვს დიდი რაოდენობით სითხე. არის ხოლმე შეკითხვაც, უნდა დავბანოთ, თუ არა ამ დროს ბავშვი – უნდა დავბანოთ, მეგობრებო. პირიქით, კანის სისუფთავე აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ არ გამოიყენოთ ღრუბელი ან რაიმე უხეში საშუალება, რომელიც გამონაყრის ელემენტებს დააზიანებს. საკმარისია რბილი დასაბანი საშუალება და წყლით ჩამოვბანოთ. სიცხის დროს გამოვიყენოთ პარაცეტამოლი, შესაბამისი დოზირებით და დაკვირვების რეჟიმით. ჩუტყვავილას, ისევე, როგორც სხვა დაავადებებს, გართულებები აქვს ხოლმე. ასეთი გართულება შეიძლება იყოს კანის ჩირქოვანი დაზიანება, ასევე, შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაც განვითარდეს, როგორიცაა გულყრა, ენცეფალიტი, ანუ თავის ტვინის დაზიანება და ასე შემდეგ. მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ხშირად არ ვითარდება. ამიტომ, ნუ შევშინდებით. თუ ამჩნევთ, რომ სიტუაცია უარესდება, გამონაყრის ელემენტები მკვეთრად მატულობს, ბავშვის მდგომარეობა მძიმდება, გონებას კარგავს, ასეთ შემთხვევაში, მისი ჰოსპიტალიზაცია დაუყოვნებლივაა საჭირო.
წყარო: ptn.ge