გია ცაგარეიშვილი – გუშინ ხატია დეკანოიძე ამბობდა, სააკაშვილის სია აუცილებლად იქნებაო

გუშინ მოვისმინე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადება. ამბობდა, სააკაშვილის სია აუცილებლად იქნებაო. მას დაავიწყდა, რომ ამგვარი სია დიდი ხანია, არსებობს. 2013 წლის ივნისში ეს სია აღმოჩენილი იყო სამეგრელოს სამალავებში, კასრებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, ცინიზმის მწვერვალია, როცა ამგვარ სიებზე საუბრობენ.

„დეკანოიძე ამ სიას თუ განაახლებს თავის თანამებრძოლ ავაზაკებთან ერთად, სამი-ოთხი გვარი შეიძლება, შეემატოს. გამზადებულია იმ ადამიანების სია, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს უნდოდა, დაეხოცა, ამ ქვეყნიდან გაედევნა, მოესპო და გაენადგურებინა. რატომ წვალობენ, ბატონ ბილსაც გაუგზავნონ ეს სია. შეუძლიათ, სხვა სიაც აახლონ – მათი ხელიდან დახოცილი ადამიანების. ეს სიაც ყველამ იცის, ან ორივე სია გააერთიანონ.

სია დაახლოებით 8-9 წლის წინაა აღმოჩენილი სამეგრელოს სამალავებში. ეს ხომ ლეგენდა არ არის, არსებული სისხლის სამართლის საქმეა. იქ საქაღალდე იყო აღმოჩენილი და საქაღალდეს პირდაპირ ეწერა დასაჭერების სია. მეგის ქარდავას გვარიც იყო ნახსენები. ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხელ სააკაშვილთან. ამ ადამიანის გარეშე არავითარი სია არ კეთდებოდა. ასე რომ, სააკაშვილის სია არსებობს. ეს სია გაუგზავნონ ბილს. ეს იქნება რეალური სია ადამიანებისა, რომლებიც სიკვდილს გადარჩენ, რადგან ამ ქვეყანაში მოხდა 2012 წლის პირველი ოქტომბერი. ცინიზმის მწვერვალია, როცა ამგვარ სიებზე საუბრობენ. როცა ქვეყანაში გყავს ათასობით და ათიათასობით სააკაშვილის რეჟიმის მიერ მსხვერპლშეწირული მოქალაქე, ფიზიკურად, მორალურად განადგურებული, ბიზნესწართმეული, ქონებაწართმეული და შენ რაღაც სიებს თითხნი, კერავ და გინდა, შემდეგ ეს დემოკრატიულ საზოგადოებას შეაჩეჩო, თქვენ გააკეთეთ დასკვნა, რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ეს“, – განუცხადა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.