სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატის გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს არა დემენცია, არამედ პატიმრობის მიუღებლობა აქვს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის დემენციის დიაგნოზს ეჭვქვეშ აყენებს.
„დღევანდელი ექსპერტის დაკითხვამაც დაადასტურა, რომ მთელი რიგი შეუსაბამობები და უზუსტობები დაფიქსირდა მის დასკვნასა და ჩვენებს შორის. როცა საუბარია გულყრებსა და კრუნჩხვებზე, აღმოჩნდა და დღეს ექსპერტმაც დაადასტურა, რომ სამედიცინო ისტორიაში მხოლოდ ექიმების, ან ექიმებთან სააკაშვილის ნათქვამის შედეგად არის ჩაწერილი. ანუ პაციენტმა რომ განაცხადა, “მქონდა თავბრუსხვევა, კრუნჩხვა, გულყრაო“. ერთი ადამიანი არ არსებობს, რომელიც პირადად ნახავდა ამ ფაქტს. ასევე, როცა ექსპერტი საუბრობდა რომ ეპილეფსიასთან დაკავშირებული დაავადებები აქვსო, ჰქონდა თუ არა ეპილეფსია, ამის შესახებ დასკვნაში არაფერი ეწერა. შეიძლება იყოს ეპილეფსიის ნიშანიო, მაგრამ პირდაპირ კითხვაზე: აქვს თუ არა ეპილეფსია, მან განაცხადა, რომ დიახ, ეს ნიშნები არის ეპილეფსიის ნიშნებიო. ანუ დაადასტურა, რომ მას აქვს ეპილეფსია. მან აშკარად გამოავლინა უცოდინარობა იმის, რა დაავადებები აწუხებდა სააკაშვილს დაპატიმრებამდე. ის, რომ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს იღებდა და იმავე დღეს ორ ბოთლ ალკოჰოლს აყოლებდა…
რაც შეეხება დემენციას, დემენციის დიაგნოზს ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ, ვინაიდან, დემენციის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს ის ნიშნები, რომლებიც ახასიათებს ამ დაავადებას. მას საკუთარ მშობლიურ ენაზე საუბარიც კი უნდა უჭირდეს და ავიწყდებოდეს სიტყვები, არათუ სხვადასხვა ენაზე საუბრობდეს თავისუფლად. მას არ შეიძლება ჰქონდეს გუშინდელ და გუშინწინდელ ბოლოდროინდელ ამბებზე საღი შეფასება. დემენცია ნიშნავს ჭკუასუსტობას. ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის ჭკუა სუსტი სააკაშვილი და თქვენ მეუბნებით რომ არის. მას სჭირს მიუღებლობა იმ მდგომარეობის, რომელშიც ის იმყოფება ანუ პატიმრობის მიუღებლობა. ნამდვილად სტრესი განიცადა ამ პატიმრობით. ბუნებრივია, ამ სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს და გამოიწვია კიდეც სხვადასხვა დაავადება, მაგრამ ის, რასაც ამბობს დაცვის მხარე, თითქოს, ეს არის ისეთი დემენცია, რომ [პაციენტი] სიკვდილის პირასაა, სახიფათოა მისი სიცოცხლისთვის, ამას არ ვეთანხმებით“, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.