შაჰინ ემანუელ ლახანი: მედიკამენტებთან ერთად, ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მოხმარება ნორმალური არ არის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ შაჰინ ემანუელ ლახანს კითხვით მიმართა, იცოდა თუ არა, რომ სააკაშვილი შერეული შფოთვის თუ დეპრესიის გამო, ფსიქოტროპულ პრეპარატებთან ერთად, დასამშვიდებლად მოიხმარდა ალკოჰოლს, კერძოდ, კონიაკს ორ ბოთლამდე, რაზეც ნევროლოგმა განაცხადა:

„ცუდს ვერ ვხედავ ალკოჰოლის მოხმარებაში. მოხმარება ნორმის მიღმა არ ყოფილა. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვან ფაქტად ვერ ჩავთვალე, რომ ჩემს დასკვნაში მეხსენებინა“, – განაცხადა შაჰინ ემანუელ ლახანმა.

მალხაზ ურთქმელიძის განმეორებით დასმულ კითხვაზე, – ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად დღეში ორი ბოთლი კონიაკის მიღება ნორმალურია? – ამერიკელმა ნევროლოგმა აღნიშნა, რომ, სამედიცინო თვალსაზრისით, ეს ნორმალური არ არის.

„სამედიცინო თვალსაზრისით, ცხადია, მედიკამენტებთან ერთად, ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მოხმარება ნორმალური არ არის“, – თქვა ამერიკელმა ნევროლოგმა.