გამოკითხვა: ამერიკელების 71% ქვეყნის მიერ აღებულ კურსთან დაკავშირებით „შიშს“ ან „სიბრაზეს“ განიცდის

გამოკითხვა: ამერიკელების 71% ქვეყნის მიერ აღებულ კურსთან დაკავშირებით „შიშს“ ან „სიბრაზეს“ განიცდის.

Sunday CBS News/YouGov-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მმართველობის პერიოდში ქვეყნის მიერ აღებულ მიმართულებასთან დაკავშირებით უაღრესად შეშფოთებულები არიან.

ამერიკელი მოსახლეობის 71% აცხადებს, რომ მათ 2023 წელს ქვეყნის კურსთან დაკავშირებით „შიშის“ ან „ბრაზის“ განცდა აქვთ. აქედან, 49% „შეშინებულია“, 22% კი „გაბრაზებული“. მხოლოდ 11% ამბობს, რომ 2023 წელს ისინი „აღფრთოვანებულები“ არიან ქვეყნის მიერ აღებული მიმართულებით.

მხოლოდ 7% ფიქრობს, რომ ბაიდენის ხელმძღვანელობით ქვეყანაში ყველაფერი კარგად მიდის. 30%-ის აზრით, კი ყველაფერი ძალიან ცუდად არის.

ამერიკელები განსაკუთრებით პესიმისტურად არიან განწყობილნი შემდეგი თემების მიმართ, როგორიცაა, საქონლის ღირებულება (70%), შეერთებული შტატების პოლიტიკა (70%), მსოფლიოში მშვიდობის და სტაბილურობის პერსპექტივები (63%) და საფონდო ბირჟა (59%).

გამოკითხულების 56% აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ქვეყნის ეკონომიკა გაუარესდა. მხოლოდ 21% აქვს საწინააღმდეგო მოსაზრება და ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა თანდათან უფრო უკეთესი ხდება.

Bloomberg-ის თანახმად, 2022 წელს ინფლაცია ამერიკულ ოჯახებს საშუალოდ დამატებით 5200 აშშ დოლარი უჯდებოდათ, ანუ, თვეში 433 აშშ დოლარი. Moody-ის პროგნოზით, ეს ციფრი წელიწადში 5520 აშშ დოლარამდე გაიზრდება.

რესპოდენტებმა ასევე, განაცხადეს, რომ კანონმდებელთა მთავარი პრიორიტეტები ინფლაციის შემცირება (76%), კრიმინალის შემცირება (63%) და ამერიკის ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვების მიმართულებით მუშაობა (65%) უნდა იყოს.

გამოკითხვაში, რომელიც 4-6 იანვარს ჩატარდა, 2144 ამერიკელი მონაწილეობდა. კვლევის ცდომილების ზღვარი 2,9 პროცენტული ქულით განისაზღვრება.

წყარო: newposts.ge