მევლუთ ჩავუშოღლუ – გვჯერა, ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დამთავრდება

თურქეთი მხარს უჭერს ვლადიმერ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ თურქულმა დიპლომატიამ და პირადად ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დიდი ძალისხმევა გაწიეს უყრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის დასამყარებლად.

“რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მყარი მშვიდობა და ორმხრივად მისაღები გადაწვეტილებაა. გვჯერა, რომ ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დამთავრდება. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი… თუმცა არის ახალი პარამეტრები და რეალობა. რუსეთი ამბობს, რომ ახლა მზადაა მოლაპარაკებებისთვის. ზელენსკი 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთავაზებით გამოვიდა. ჩვენ, თურქეთი, მხარს ვუჭერთ ამ გეგმას და ვაგრძელებთ ჩვენს მუშაობას”, – თქვა ჩავუშოღლუმ.

ცნობისთვის, ნოემბერში G20-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას  ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უყრაინას რუსეთთან სრულფასოვანი მშვიდობა სჭირდება და არა პირობითი “მინსკი-3”. მან მშვიდობიანი დარეგულირების 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად ითვალისწინებს ტყვეების გათავისუფლებას, უყრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულიად აღდგენასა და რუსეთის ჯარების გაყვანას.