ქვანახშირის კარიერის გაფართოების მიზნით, პოლიციამ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მდებარე სოფელ ლუცერატის მისადგომებიდან კლიმატაქტივისტების მიერ აღმართული მრავალრიცხოვანი ბარიკადების აღება და ტერიტორიიდან დემონსტრანტების გაყვანა დაიწყო.
გერმანიული პრესის ცნობით, თავდაპირველად პოლიციამ დემონსტრანტებს მოუწოდა დაეტოვებინათ სოფელი და გააფრთხილა ისინი, რომ დაუმორჩილებლობას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოჰყვებოდა. დემონსტრანტთა ნაწილი მოთხოვნას დაემორჩილა და ტერიტორია დატოვა, ნაწილმა კი გაფრთხილება ყურად არ იღო.
პოლიციის თანახმად, დემონსტრანტთა ნაწილმა ქვების და პიროტექნიკის სროლა დაიწყო.
დემონსტრანტებიდან ზოგი სახლის სახურავებზეა ასული, ზოგი ხეებზე, ზოგი მათ მიერვე აღმართულ ბოძებზე, ზოგი კი სახლებს შორის გაბმულ თოკზეა დაიკიდებული.
პრესა აღნიშნავს, რომ პოლიციას დიდი ძალები ჰყავს მობილიზებული. ადგილზეა რამდენიმე წყალმტყორცნი მანქანა და ბარიკადების ასაღები სპეცტექნიკა.
აქტივისტები ეწინააღმდეგებიან მსხვილი გერმანული ენერგეტიკული კომპანიის RWE-ს მიერ უკვე არსებული ლიგნიტის (დაბალი ხარისხის მურა ნახშირი – „აიპრესი”) კარიერის გაფართოებას. კომპანიის განცხადებით, ქვანახშირის მოპოვება აუცილებელია გერმანიის ენერგომომარაგებისთვის.
ლიგნიტის მაღაროს გაფართოების წინააღმდეგ პროტესტში მხოლოდ გერმანელები არ მონაწილეობენ. გერმანელ დემონსტრანტებს შეუერთდნენ აგრეთვე ეკოაქტივისტები ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.