ადამიანის უკანონოდ მოსმენა არის კრიმინალი, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ მედიაში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი.
როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩანაწერები ავთენტური არ არის.
„არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ როდესაც ვიღაც ადამიანს უკანონოდ იწერს, ეს არის ძველი, საბჭოთა „კაგებეშნიკური“ საქციელი ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ჩანაწერი შეკოწიწებულია სხვადასხვა ჩანაწერებისგან, ადვილად ირკვევა, რომ მისი ერთი ნაწილი ჩაწერილია 2017 წლამდე. შესაბამისად, ამ რეჟიმის მიერ არის ჩაწერილი“,-განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, ჩაწერის საშუალებები ხელისუფლებას აქვს.
“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ვინც ამას აკეთებდა, ეს არის ჩვეულებრივი „კაგებეშნიკობა“, ვინც ამას უკანონოდ აკეთებდა და დღეს ჩვეულებრივი პუტინისტი “ქოცობა“, – განაცხადა ბარამიძემ.
კითხვაზე, ხედავს თუ არა ვანო მერაბიშვილს ამ ჩანაწერების უკან, გიორგი ბარამიძემ უპასუხა, რომ „ჩაწერის საშუალება აქვს ხელისუფლებას, რომელმაც ადრე არსებული საშუალებები გააათმაგა და ადამიანების ჩაწერის პრაქტიკა გააასმაგა“.
„უფრო მეტიც, სწორედ ამ მოღალატეობრივი რეჟიმის პირობებში გამოქვეყნდა გარკვეული მასალები, რომელიც ადამიანის პირად ცხოვრებას ეხებოდა. ეს ჩანაწერიც 2017 წლამდე არის გაკეთებული, ყოველ შემთხვევაში, ერთი ნაწილი დაჭრილი და შეკოწიწებულია. ვინც ამას გამოიყენებს რაიმე შიდა კამათისთვის თუ კონკურენციისთვის, ისეთივე ქოცია, როგორი “ქოცობაც” არის ამგვარი ჩანაწერის გაკეთება“,-განაცხადა ბარამიძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა კომუნიკაცია გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით, ბარამიძემ უპასუხა, რომ უკანონო მოსმენა არის კრიმინალი და ამას განხილვა არ სჭირდება.
„რა განხილვა სჭირდება იმას, რომ ადამიანის უკანონოდ მოსმენა არის კრიმინალი. რა განხილვა სჭირდება იმას, რომ თქვა, ადამიანის უკანონოდ ჩაწერილი ჩანაწერის გამოყენება ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, მითუმეტეს, შიგნით თუ ვინმე ამას იკადრებს რომელიმე ოპონენტის ან კონკურენტის წინააღმდეგ, ჩვეულებრივი „ქოცი” იქნება. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი ლიდერი, მითუმეტეს ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობს თავმჯდომარის არჩევნების პროცესში, ამას არ იკადრებს“, – განაცხადა ბარამიძემ.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.