ხუნდაძე – საქართველოს მოსახლეობა პოდოლიაკის ჭკუით რომ ირჩევდეს ხელისუფლებას, ქვეყანას მშვიდობიანი პოლიტიკა არ ექნებოდა.
საქართველოს მოსახლეობა პოდოლიაკის ჭკუით რომ ირჩევდეს საკუთარ ხელისუფლებას, ქვეყანას მშვიდობიანი პოლიტიკა არ ექნებოდა, – განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ მიხაილო პოდოლიაკის განცხადების საპასუხოდ.
– “ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, საკუთარი რისკები გვაქვს და როგორც სხვა ქვეყნები გამოდიან საკუთარი ინტერესებიდან, რა თქმა უნდა, ამის უფლება საქართველოსაც აქვს. ასევე, ქვეყანას აქვს ვალდებულება, დაიცვას საკუთარი ინტერესი და მშვიდობა, რისი ფასიც გამორჩეულად ვიცით, სხვა ქვეყნებთან შედარებით. რა იარაღს გვთხოვენ? ის, რომ თითქოს საქართველომ ომის პერიოდში უკრაინისგან იარაღი მიიღო, ეს ასე არ არის. უკრაინისგან ომის პერიოდში იარაღი არ მიგვიღია. ეს მანამდე იყო, ეს არ იყო საჩუქარი, იყო საკმაოდ წონადი ფინანსური რესურსებით შეძენილი იარაღი და აქაც საკმაოდ ბევრი კითხვაა, მაგრამ ამ საკითხებში ახლა არ შევდივართ. ფაქტია, რომ პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული თვალსაზრისით საქართველო უკრაინის მხარესაა, მაგრამ საქართველო, თავისივე ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინას შეიარაღებას ვერ გადასცემს. ეს ყველაფერი არის მცდელობა, რომ საქართველო დაფიქსირდეს მხარედ შეიარაღებულ კონფლიქტში. ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომ საქართველო უნდა იქცეს მეორე ფრონტად, რაც ჩვენს ინტერესებს სცდება და კატეგორიულად მიუღებელია“ – აცხადებს ხუნდაძე.
წყარო: tv7.ge