სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე დღეს სასამართლოში ჩვენება სუს-ის გენინსპექციის თანამშრომელმა მისცა.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, გოგაშვილის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, მოწმემ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.
„დღეს რამდენიმე მოწმე დაიკითხა. ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენინსპექციის თანამშრომელი იყო, რომელმაც იოსებ გოგაშვილის სახლის ჩხრეკაში უშუალოდ მიიღო მონაწილეობა.
ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიც არის იოსებ გოგაშვილის სახლში, საძინებელში იარაღის ჩადება, რა თქმა უნდა, მას არ ახსოვდა, არ უნახავს. რაც შეეხება დაკავებას, თურმე, ყველაფერი კანონიერად მოხდა, დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, აბსოლუტურად მიკერძოებული და არაობიექტური მოწმე იყო, შეიძლება ითქვას, რომ მან სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ამ მოწმის ჩვენება ობიექტურად იქნებოდა შეფასებული და ვერანაირად ვერ მოხდება ისე, რომ ამ მოწმის ჩვენება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან სასამართლოს ცრუ ჩვენება მიაწოდა. მას არ დაუნახავს ღამბაშიძისა და სხვა პირების იოსებ გოგაშვილის სახლში შესვლა, არ ახსოვს თეა მარტყოფიშვილის განწირული კივილი – „ჩაგიდეს სოსო იარაღები“. რა თქმა უნდა, მას არ ახსოვს, თუ როგორ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა იოსებ გოგაშვილს, მას არ დაუნახავს რა მომენტში მიიღო მან დაზიანებები. ის იყო უშუალოდ მონაწილე, ის სპეცრაზმთან ერთად ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გოგაშვილის სახლის ჯერ ეზოში და შემდეგ სახლში შევიდა. მას დეტალურად აქვს ნანახი იქ განხორციელებული უკანონო მოქმედებები, მან ეს სასამართლოში არ დაადასტურა და ბუნებრივია, მოლოდინი არც გვქონია, რომ რომელიმე თანამშრომელი დაადასტურებდა, ან მომავალში დაადასტურებს მსგავს უკანონო ფაქტებს“, – განაცხადა ჩინჩალაძემ.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).
წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.