“ეს ლეკვი მახინჯია, დააძინეთ, არ მჭირდებაო” – რას ითხოვდა 6 თვის ლეკვის პატრონი და როგორ შეიცვალა “კარუზოს” ბედი ერთ დღეში

ცხოველების თავშესაფარში მუშაობს ნაცნობი და ის მოყვა.
გამოძახებაზე მივედი ნუცუბიძეზე. დამხვდა შუახნის ქალი და 6 თვის ლეკვი
– სხვა გზა არ მაქვს უნდა დააძინოთ..
– რატომ?..
– პატარა ჯიშის ძაღლი მინდოდა და ეს შემტენეს, ვიყიდე როგორც გრიფონი და ნახეთ რა გამოვიდა..მთელი ავეჯი გადაღრღნა, ჭურჭელი დაამტვრია…არ მემორჩილება..მოკლედ დააძინეთ
– ლეკვი იყო დაახლოებით მიტელშნაუცერის ზომის, ოღონდ აშკარად სხვადასხვა ჯიშის სისხლების, 6 თვე ის ასაკია როდესაც უკვე კარგავს ლეკვის საყვარელ ფორმებს, ჯერ ძაღლიც არაა და ვერ გამოიყურება იდეალურად, ეს ლეკვი კი ყველაზე მახინჯი ლეკვების კონკურსზე რომ გაგეყვანათ სამეულში უეჭველად მოხვდებოდა…ეტყობა ინგლისური ბულდოგის სისხლი ერია ამიტომ პრიკუსი ბულდოგის ჰქონდა, ბეწვი კი უფრო შნაუცერის, ერთი ყური სანახევროდ დაცქვიტული, მეორე ჩამოშვებული…და ეს საოცრება მიყურებდა დაჭყეტილი თვალებით, მოკლე კუდს ათამაშებდა და თავის პატრონს ეგლისებოდა ფეხზე…
– ცხოველის ევთანაზიის უფლება არ გვაქვს თუ ის სასიკვდილოდ არაა ავად ან თუ ძალიან აგრესიული არაა…ამ ლეკვი მსგავსი არაფერი აქვს
– მე ეს მახინჯი არ მჭირდება, რამე მოუხერხეთ!
სამი გზა მქონდა..
1 – გამოძახებაზე ყოველთვის თან დამაქვს ბრილიანტის მწვანე, ანუ ზელიონკა..გავიფიქრე ხომ არ შევასხა სახეში ამ ქალს, ერთი კვირა ვერ მოიშორებდა, მაგრამ მერე პატრული და ახსნა-განმარტებები მეზარებოდა…
2 – უარი მეთქვა და წამოვსულიყავი, მაგრამ მერე ვიცოდი რაც მოხდებოდა, ან სხვა თავშესარიდან გამოიძახებდნენ ვინმეს იმავე მიზნით, ან უბრალოდ ქუჩაში გააგდებდნენ, სადაც დიდი ალბათობით ლეკვი ზამთარს ვერ გადაიტანდა
მესამე გამოსავალი იყო ლეკვის თავშესაფარში წაყვანა, მაგრამ იქ უბრალოდ ცარიელი ვოლიერი არ იყო…მაინც წამოვიყვანე….თავისუფალი ვოლიერი არ იყო და ჩემ ოთახში შევიყვანე….ძალიან მქონდა მოშლილი ნერვები, ამ დროს ცოტა სიმღერა მშველის ხოლმე და ღიღინი დავიწყე…
-დაიგვიანეეეს…ჯერ არსად სჩანან… ჰარულალოოო…..
უცებ ვიღაცამ ბანი მომცა…
-ოოოოო…
მივიხედე და ეს ლეკვი….გავაგრძელე…
– მაგრამ სალამურს თუ მოჰკრეს ყურიიი,…
-ოოოოო….
მოკლედ ავუწიე, ლეკვმაც აუწია….ვმღერივართ ბოლო ხმაზე…გაისმა ტაში….
-ბრავო!…ბრავო!….-სიცილისგან გადაბჟირებული შემოვიდა ზურა, ჩემი ძველი მეგობარი,
– ზურა შემაშინე…
– შენ კი არა მე შემაშინე…ვიფიქრე ბევრი მუშაობისგან გარეკათქო….რა ხდება?…
– აი ეს ლამაზმანი პატრონისგან წამოვიყვანე, რამდენიმე დღე ცარიელი ვოლიერი არ გვექნება და არ ვიცი რა ვქნა..მომისმინე…სულ ერთი კვირით ვერ წაიყვან?…აქედან ერთი გერმანული ნაგაზი მიჰყავთ ამ კვირაში და იქ შევიყვან მერე..სულ ერთი კვირით…
– აუუ…ხო იცი მეგის რომ ძაღლების ეშინია..ამას რომ დაინახავს გული გაუსკდება
– მიდი რა ძმურად..
– ჰო კაი, კაი….ოღონდ ერთი კვირით…რა ქვია ამ საოცრებას?
– მგონი სნუპის ეძახდა ის ქალი, მაგრამ მე კარუზო დავარქვი..
– კაი წამო კარუზო…
რამდენიმე დღეში ვოლიერი განთავისუფლდა და ზურას დავურეკე:
– ზურა!..მოიყვანე კარუზო, ვოლიერი განთავისუფლდა
– შანსი არაა…კარუზო ჩემია ძმაო…ყოველ საღამოს კონცერტი გვაქვს, ახალ და ახალ სიმღერებს ვამუღამებთ, მეგი სიცილისგან დაოსდა..ჩემი შვილიშვილი კვირაში ერთხელაც რომ არ მოდიოდა, ეხლა სკოლიდან აქ მორბის ყოველდღე…აბა კარგად…
სპორტული ჟურნალისტი, დავით ბაკურაძე; სოციალური ქსელი