ზამთრის პიკური მოთხოვნისა და შიდა ეკონომიკური პრობლემების ფონზე ირანმა სირიისთვის ნავთობის ფასი 30-იდან 70 დოლარამდე გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს.
ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ ირანს არ აქვს საკმარისი ეკონომიკური რესურსი თავისი რეგიონული ამბიციების მომსახურებისთვის – წლების განმავლობაში ირანი სანავთობო შემოსავლებს სირიაში, ლიბანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში, საკუთარი გავლენის გასაზრდელად იყენებდა, მათ შორის სირიაშიც, სადაც ირანის დახმარებამ ასადის რეჟიმი გადაარჩინა.
სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ირანის გავლენა მეზობელზე მკვეთრად გაიზარდა, ასადი დამოკიდებული გახდა როგორც ირანისგან მიწოდებულ იარაღსა და მებრძოლებზე, ასევე ეკონომიკურადაც. სირიაში ნავთობის ჯამური მოხმარების ნახევარი აქამდე სწორედ იაფ ირანულ საწვავზე მოდიოდა.
WSJ-ის ცნობით, გასულ კვირებში ირანელმა მაღალჩინოსნებმა სირიელ კოლეგებს აცნობეს, რომ ნავთობის ახალი პარტიებისთვის უფრო მეტი უნდა გადაიხადონ. ასევე გაუქმდა საკრედიტო ხაზი, რომელიც სირიას საშუალებას აძლევდა თანხა ნავთობის მიღების შემდეგ გადაეხადა. ამიერიდან, სირია ვალდებული იქნება ანგარიში წინასწარ გაასწოროს.
ანალიტიკოსების აზრით, სწორედ ამის შედეგია სირიაში არსებული საწვავის დეფიციტი – ადგილობრივი მედიის ცნობით, ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგები უკვე ყოველდღიურად ფიქსირდება, გაიზარდა ტრანსპორტის მომსახურების ფასი, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდა ფასები საბაზისო მოხმარების პროდუქტებზე.
დეკემბერში სირიის ენერგიის დაზოგვის მიზნით საქმიანობა რამდენიმე დღით შეაჩერა არაერთმა სახელმწიფო უწყებამ. ცხადია, კრიზისი ყველაზე უარყოფითად მოსახლეობის განსაკუთრებით ღარიბ ფენაზე აისახა – ისინი იძულებული არიან თავის გასათბობად შეშა შეაგროვონ, ან თხილის ნაჭუჭი იყიდონ.
“გასული ათწლეულების განმავლობაში ეს სირიის მეხსიერებაში ყველაზე მწვავე სანავთობო კრიზისია”,- ამბობს გამოცემასთან საუბარში ფაბრის ლაბლანში – ლიონის უნივერსიტეტის პროფესორი.