5-6 ივლისის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით აღშფოთებულთა რიგებს “საია” შეემატა …

5-6 ივლისის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით აღშფოთებულთა რიგებს “საია” შეემატა.

– “თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 16 იანვარს მიღებული განაჩენით ალექსანდრე ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ მსჯავრდებული ექვსი პირი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გაამართლა (სსკ-ის 225 მუხლი, მე-2 ნაწილი). შედეგად, მსჯავრდებულ პირებს შეუმცირდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მათთვის განსაზღვრული სასჯელი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ეს წარმოადგენს 2021 წლის 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე სიძულვილის ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითს, რაშიც უპირველესი როლი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას მიუძღვით, როგორც გამოძიების წარმართვასა და ბრალის წარდგენაზე უფლებამოსილ ორგანოებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის განაჩენით 6 პირის მიმართ, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთობლიობაში ზურაბ მახარაძისა და სხვა პირთა მხრიდან განხორციელებული ქმედება, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მათ წინააღმდეგ პროცესები არ მიმდინარეობდა, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქმედებად შეაფასა… ხაზგასასმელია, რომ დღეს, გავრცელებული ინფორმაციით,საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს. თუმცა არსებითია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ სწორედ, პროკურატურა არის ის უწყება, რომელიც ხელს აფარებს ძალადობის მთავარ ორგანიზატორებს…
საია ზურაბ მახარაძეს, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოსა და გიორგი ქარდავას მიმართ დევნის დაწყებას არაერთხელ ითხოვდა, როგორც საჯაროდ, ასევე, პროკურატურასთან კორესპონდენციისას. ამის მიუხედავად, დღემდე არცერთი მათგანის მიმართ ბრალი წარდგენილი არ არის. მათ შორის, სახალხო დამცველმა 2021 წლის 3 სექტემბერს ზურაბ მახარაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე მიმართა გენერალურ პროკურატურას 2021 წლის 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე. სახალხო დამცველის წინადადება პროკურატურამ არ გაიზიარა. შესაბამისად, პროკურატურის პოზიცია, რომ ის აპირებს განაჩენის გასაჩივრებას, მხარდაჭერილი უნდა იყოს იმ ფაქტითაც, რომ წარუდგინოს ბრალი დანაშაულის მთავარ ორგანიზატორებს, მათ შორის, ზურაბ მახარაძეს, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოსა და გიორგი ქარდავას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული განცხადება არ ტოვებს თანმიმდევრულობის განცდას, გამოძიება კი ამ საქმეზე არაეფექტიანად მიმდინარეობს. საია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის დასაბუთებულობასა და კანონიერებას მისი გაცნობის შემდეგ დეტალურად შეაფასებს” – წერს საია.

წყარო: alt-info.ge