აშშ-ის შტატების უმეტესობაში სამთავრობო ქსელებითა და მოწყობილობებით ჩინურ აპლიკაცია „ტიკ-ტოკზე“ წვდომა აიკრძალა.
ბოლო შტატები, რომლებმაც „ტიკ-ტოკი“ აკრძალეს, ვისკონსინი და ჩრდილოეთ კაროლინაა.
აშშ-ში „ტიკ-ტოკს“ 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. აპლიკაციას ამერიკელი მოზარდების ორი მესამედი იყენებს. შტატების ნაწილი ჩინეთთან დაკავშირებულ სხვა აპლიკაციებზეც, მათ შორის „ვიჩატზე“ და „ალიფეიზე“ ამბობს უარს.
შტატების ხელმძღვანელების შეშფოთება უკავშირდება ვარაუდს, რომ აპლიკაციაზე შესაძლოა, წვდომა აქვს ჩინეთის მთავრობას და მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები, მათ შორის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია და დათვალიერების ისტორია დაუცველია.
2023 წლის იანვრის მდგომარეობით, სულ მცირე აშშ-ის 26 შტატი სრულად ან ნაწილობრივ უკრძალავს ოფიციალურ პირებსა და თანამშრომლებს „ტიკ-ტოკის“ გამოყენებას. 2022 წლის მონაცემებთ, „ტიკ-ტოკს“ მსოფლიოში 755 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.