საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი გ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ გ.ხ-მ ბათუმში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ღია გადახურვის კონსტრუქციის უნებართვო მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 2 400 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
„გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.