“ერეკლე პაპა”- ს ძახილი ვერ გიშველით, არაა ერეკლე თქვენნაირი მოღალატეების არც “პაპა” და არც მეფე – ასე ეხმაურება მიუნხენში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე, ყვარელში მომხდარ ინციდენტს, სადაც “ალტ ინფოს” წარმომადგენლებმა ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
“ერეკლე პაპა” – ამ ერთ ფრაზაში ჩანს იმ ველურების სიყალბე და გაუნათლებლობა, ვინც ყვარელში ჩასული პროფესორი არ შეუშვა აუდიტორიაში. სულერთია, რა თემაზე სურდა საუბარი მომხსენებელს და რა თვალსაზრისი აქვს მას თავად, იკრიბებოდნენ განათლებისთვის, კანონი არავის დაურღვევია და კანონით აკრძალული არაფერი დაუგეგმავთ, იყო ჩვეულებრივი საგანმანათლებლო ლექცია დაგეგმილი. ნორმალურ ქვეყანაში არავის, არცერთ მოქალაქეთა ჯგუფს არ უნდა ჰქონდეს უფლება, სადმე შეკრება და საუბარი აუკრძალოს ვინმეს, მითუმეტეს, რომ აპირებდნენ აკადემიურ ლექციას და ღრმად განსწავლული პროფესორი ჰყავდათ მოწვეული ახალგაზრდებს. რაც მოხდა იყო უკიდურესი სიველურე და ბოლშევიკურ წარსულში მიბრუნება. “ერეკლე პაპა”- ს ძახილი ვერ გიშველით, არაა ერეკლე თქვენნაირი მოღალატეების არც “პაპა” და არც მეფე. დიდი სირცხვილი პოლიციას, რომელიც უნიათოდ დანებებული შეჰყურებდა როგორ თავხედურად ახევენ ხულიგნები მათ მოქალაქეებს და თავად მათაც სიტყვის თავისუფლებას და ქვეყნის კანონებს თავზე.” წერს თამაზ ლომიძე.
15 იანვარს, ყვარელში, ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცა, სადაც ის ახალგაზრდებს “ევროკლუბში” უნდა შეხვედროდა. მას “ალტ-ინფოს” წევრებმა გზა გადაუკეტეს და ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.