ჩვენ დავაწესეთ უძლიერესი სანქციები, რაც რუსეთის ეკონომიკას ათწლეულის განმავლობაში რეგრესის წინაშე აყენებს, მის ინდუსტრიას კი – ნებისმიერი თანამედროვე და კრიტიკული ტექნოლოგიების გარეშე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსში განცხადა, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება.
ევროკომიისის პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ენერგოუსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ამ თვალსაზრისით ხაზი გაუსვა რუსული ენერგორესუსებისგან დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.
„ბევრს ეჭვი ეპარება, იქნება თუ არა ევროპული მხარდაჭერა ასეთი ურყევი, მაგრამ დღეს უკრაინა არის ევროკავშირში შესვლის კანდიდატი ქვეყანა. ევროპული ქვეყნები სულ უფრო მეტ კრიტიკულ იარაღს აწვდიან უკრაინას. ჩვენ მივიღეთ დაახლოებით ოთხი მილიონი უკრაინელი ჩვენს ქალაქებში, ჩვენს სახლებსა და სკოლებში. ჩვენ დავაწესეთ უძლიერესი სანქციები, რაც რუსეთის ეკონომიკას ათწლეულის განმავლობაში რეგრესის წინაშე აყენებს, მის ინდუსტრიას კი – ნებისმიერი თანამედროვე და კრიტიკული ტექნოლოგიების გარეშე“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება.
„ერთი წლის წინ, ევროპას მასობრივი დამოკიდებული ჰქონდა რუსული ენერგიის წყაროებზე, წელიწადზე ნაკლებ დროში ევროპამ დაძლია ეს საშიში დამოკიდებულება და ჩაანაცვლა რუსული მილსადენის გაზის 80 პროცენტი. კოლექტიური მცდელობით, ჩვენ დავწიეთ გაზის ფასი იმაზე სწრაფად, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ახლა ის იმაზე დაბალია, ვიდრე უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო. ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი კოლექტიური სურვილის ძალა. ამის მიუხედავად, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რამდენად რთულ პერიოდში იმყოფებიან ჩვენი ოჯახები და ბიზნესი ჯერ პანდემიის და შემდეგ უკვე უკრაინაში ომის შემდეგ, ჩვენ მოგვიწევს, აქაც ვაჩვენოთ კრიზისის გადაწყვეტის იგივე ძალისხმევა.
ჩვენ ვხედავთ მზარდ ინფლაციას, რაც ცხოვრებისა და ბიზნესის კეთების ხარჯებს ზრდის, ვხედავთ, რომ ენერგორესურსები გამოიყენება როგორც იარაღი, ვხედავთ კონფრონტაციული გეოპოლიტიკის საფრთხეს. ამავდროულად, კლიმატის ცვლილებები უკვე ძალიან ძვირად გვიჯდება და სუფთა ეკონომიკაზე გადასვლისთვის დასაკარგი დრო აღარ გვაქვს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.