ევროკავშირის ელჩი – ვიმედოვნებ, 12-ვე პრიორიტეტზე მნიშვნელოვანი პროგრესი მიიღწევა

ვიმედოვნებ, რომ 12-ვე პრიორიტეტზე მნიშვნელოვანი პროგრესი მიიღწევა , – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპული კომისიის მოსაზრება დადებითი იქნება და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილება, ამ წლის ბოლოს, საქართველოს ევროპული მისწრაფებების სასარგებლოდ იქნება მიღებული.

„მუშაობა 12 პრიორიტეტზე გრძელდება. ბევრ პრიორიტეტზე პროგრესი შეინიშნება. სხვა პრიორიტეტებზე ჩვენ ჯერ კიდევ ველით ზოგიერთ გადაწყვეტილებას. მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევაზე. სხვა პრიორიტეტებზე ვიცი, რომ მუშაობა პარლამენტში ამ მომენტისთვის შეჩერდა, რადგან ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის მიმართეს. ვიცი, რომ როცა ეს მოსაზრება მზად იქნება, მუშაობა აღდგება“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.