ამ პირობებში ნეიტრალური უკრაინის იდეას აზრი აღარ აქვს, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შესაფერისი შედეგი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„ამ ომამდე მე ვეწინააღმდეგებოდი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას, რადგან მეშინოდა, რომ ის პროცესი დაიწყებოდა, რასაც ახლა ვხედავთ. ამ პირობებში ნეიტრალური უკრაინის იდეას აზრი აღარ აქვს. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შესაფერისი შედეგი იქნება“, – განაცხადა კისინჯერმა.
ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ახლა აუცილებელია რუსეთსა და დასავლეთს შორის პირდაპირი სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება, ასევე რუსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ლიკვიდაცია.
„რუსეთის, როგორც სახელმწიფოს განადგურება, რომელსაც შეუძლია საკუთარი პოლიტიკის განხორციელება, გახსნის უზარმაზარ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს თერთმეტ საათობრივ ზონას შიდა კონფლიქტებისა და გარე ჩარევისთვის იმ დროს, როდესაც იქ 15 000-ზე მეტი ბირთვული იარაღი ინახება“, – აღნიშნა კისინჯერმა.
პარალელურად, ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანი საჭიროდ მიიჩნევს, რომ რუსეთმა შეძლოს საერთაშორისო სისტემასთან მიერთება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგ.
გასულ წელს ჰენრი კისინჯერმა თქვა, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიის ნაწილი უნდა დაუთმოს რუსეთს, ხოლო აშშ-ს და დასავლეთს ომში რუსეთის დამარცხების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.