ტრამპი ჩინელების მიერ ამერიკული ინფრასტრუქტურისა და მრეწველობის დარგების ფლობასთან დაკავშირებით მკაცრი შეზღუდვების ამოქმედების პირობას დებს.
ახლახანს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ხელახალი არჩევის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ჩინელების მიერ „სასიცოცხლო ინფრასტუქტურის“ ფლობას ბოლოს მოუღებდა და ჩინეთის მოქალაქეებს ჰოლდინგების გაყიდვას აიძულებდა, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.
„ჩინეთი ჩვენს ქვეყანას ყიდულობს“, – დაიწყო ტრამპმა. „მიუხედავად იმისა, რომ კორუმპირებული დემოკრატები და RINO-ს ტიპის პოლიტიკოსები ვაშინგტონში ტრილიონობით დოლარს ხარჯავენ ახალი მწვანე შეთანხმების სისულელეებზე, უცხო ქვეყნებში წარმოებულ ომებზე და უამრავ სარგებელს სთავაზობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნებიდან არალეგალურად შემოსულ პირებს, ჩინეთი ტრილიონობით დოლარს შეერთებული შტატების ეკონომიკის სამეფო ძვირფასეულობაზე ხარჯავს“.
ტრამპმა განაგრძო თავისი სიტყვა და განაცხადა, რომ ჩინეთი „ყიდულობს ჩვენს ტექნოლოგიას, ისინი ყიდულობენ ჩვენს საკვებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, მინერალებსა და ბუნებრივ რესურსებს, ისინი ყიდულობენ ჩვენს პორტებს და გადამზიდ ტერმინალებს და თუ შესაბამის ზომებს არ მივიღებთ, მალე ისინი ჩვენს ქვეყანას მთლიანად დაეპატრონებიან“.
გამოცემა The Hill-ის თანახმად, ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ჩინური კომპანიები 53 ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ამერიკულ ქალაქებში, სიეტლსა და ლოს-ანჯელესში, 93-ზე მეტ გადამზიდ პორტს ფლობენ.
„კორუმპირებული გავლენიანი მოვაჭრეების დახმარებით, როგორიცაა, ბაიდენის კრიმინალური ოჯახი, ჩინეთი აშშ-ის ენერგეტიკული ინდუსტრიის საყრდენების შესყიდვას ცდილობს. რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ბაიდენსა და მის ჯგუფს რეალური ენერგია არ აინტერესებთ. მათ მხოლოდ სულელური ენერგია აინტერესებთ, ენერგია, რომელიც არ მუშაობს და არც არასოდეს იმუშავებს“ – განაცხადა ასევე, ტრამპმა.
„ეკონომიკური უსაფრთხოება ეს ქვეყნის უსაფრთხოებაა“, – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ „ჩინეთი ამერიკულ კომპანიებს არ აძლევს მათი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფლობის საშუალებას. და ამერიკამაც, ანალოგიურად არ უნდა მისცეს ჩინეთს თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფლობის უფლება. ჩემი პრეზიდენტობის დროს მსგავსი რამ არასოდეს დამიშვია და არც დავუშვებ, როცა კვლავ პრეზიდენტი გავხდები“.
ქვეყნის დაცვის მიზნით, ტრამპმა პირობა დადო, რომ „ჩინეთის მიერ შეერთებულ შტატებში არსებული ნებისმიერი სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის ფლობაზე მკაცრ შეზღუდვებს“ დააწესებდა, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო მიწების, ტელეკომუნიკაციების, ტექნოლოგიის, ბუნებრივი რესურსების და „სხვა სტრატეგიული აქტივების“ ფლობაზე.
წყარო: alt-info.ge