ბუქარესტში ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი აშენდება, ეს არის ახალი თავი ჩვენს ისტორიაში, ახალ პოლიტიკაში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დავოსის ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.
„ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა დავაკმაყოფილოთ ევროპის და ევროპელი მომხმარებლების მზარდი მოთხოვნილებები. პოტენციალი ძალიან დიდი გვაქვს. კასპიის ზღვაში გვაქვს 156 გეგავატის შესაძლებლობა. რაც შეეხება ხმელეთზე, 27 გეგავატი და 10 გეგავატი არის იმ ტერიტორიებზე, რომელიც გავათავისუფლეთ ორი წლის წინ ამ ინიციატივის ფარგლებში. ამიტომ, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, ბუქარესტში ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი აშენდება, ოთხი გეგავატი იქნება. ახლა დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება. როგორც კი დასრულდება ეს კვლევა, ვნახავთ რა დაფინანსება იქნება საჭირო. ევროკავშირის და ევროპული ფინანსური ინსტიტუტების დახმარებით ამასაც დავიწყებთ. რაც შეეხება „მასდარს“, 2027 წლისთვის 4 გეგავატი იქნება ქარის და მზის ენერგიის და 6 გეგავატი იქნება 2037 წლისთვის. ურთიერთგაგების მემორანდუმი გულისხმობს 12 გეგავატის მისაღებად ინვესტიციებს. ამიტომ, ეს არის ახალი თავი ჩვენს ისტორიაში, ახალ პოლიტიკაში. გაკეთდა ბუნებრივი აირი, ნავთობი, ელექტროენერგია, მწვანე ენერგია. ეს ყველაფერი ჩვენს გეგმებშია“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.
დავოსში პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და თურქული კომპანია „ლიმაკ ჰოლდინგის“ თავმჯდომარე ებრუ ოზდემირი.