შუა დერეფნის ერთ-ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობენ ამ ინიციატივაში, ქმნიან დიდ პროექტს და მათ ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. ეს არის წარმატების წინაპირობა, ნებისმიერი მრავალეროვნული ინიციატივის კონტექსტში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანს ბრწყინვალე ურთიერთობები აქვს მის მეზობლებთან – დასავლეთით საქართველოსთან, თურქეთთან და აღმოსავლეთით ცენტრალურ აზიასთან.
„ბუნებრივად ვართ ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ჩვენ ბოლო წლებში ინფრასტრუქტურაში დიდი კაპიტალდაბანდება გვაქვს გაკეთებული. ასევე, უნდა თქვას, რომ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი მზად არის აზერბაიჯანში, რომ მეტი ტვირთბრუნვა მიიღოს და გაატაროს. 15 მილიონი ტონა არის ჩვენი პორტების შესაძლებლობა. ამას გავაფართოებთ და ბიუჯეტში უკვე გავწერეთ თანხები, 25 მილიონი ტონა იქნება ჩვენი სამიზნე და გვინდა, უფრო მეტი საქონლის გატარება მოვახდინოთ იმ მიზნების გამო, რაც ბრძანეთ, რახან აღარ წარმოებს ტრანსპორტირება ტრადიციული მარშრუტებით. უკვე ვნახეთ, რომ დიდი მოცულობით ტვირთი წამოვიდა ჩვენკენ და ეს მხოლოდ ამ პროცესის დასაწყისია. ასევე, მინდა, დავამატო, რომ მიმდინარე წლიდან დავიწყეთ ტრანზიტული გატარება ნავთობისა ყაზახეთიდან, არა მარტო თურქმენეთის მიმართულებით, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს, მაგრამ ამ დერეფანს ჰიდრონახშირბადის გატარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ევროპაში, რათა აქტიურად ვიმუშაოთ საბაჟო ადმინისტრირების საკითხებზე, რათა ერთი ფანჯრის პრინციპით ვიმუშაოთ ყველა ქვეყანამ და ტარიფების პოლიტიკაც გვქონდეს შეჯერებული, რადგან ეს არა მარტო მიმზიდველი უნდა იყოს სხვა მარშრუტების ჩახსნის ხარჯზე, არამედ კომერციულადაც უნდა იყოს მიმზიდველი ჩვენთვის. შეხვედრას რომ ვიწყებდით, დავინახე, რომ ზუსტად ისე დავსხედით, როგორც მიდის ჩვენი მილსადენი. ჩემი გეგმა იწყება აზერბაიჯანიდან, ამიტომ ჩემგან ვაკეთებთ ათვლას – საქართველო, თურქეთი და შემდეგ ევროპა, ზუსტად ასე. ჩვენ პირიქით მიმართულებაზეც ვმუშაობთ“, – აღნიშა ილჰამ ალეივმა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელურ დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.