ირაკლი ღარიბაშვილი – ოთხი ქვეყანა ინვესტიციას ჩადებს შავი ზღვის კაბელის ამბიციურ პროექტში, მზად უნდა ვიყოთ, რომ გაიზრდება საქონლის ბრუნვა შუა დერეფანში

ოთხი ქვეყანა ინვესტიციას ჩადებს შავი ზღვის კაბელის ამბიციურ პროექტში. მზად უნდა ვიყოთ, რომ გაიზრდება საქონლის ბრუნვა შუა დერეფანში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიმდინარე დისკუსიაზე განაცხადა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესწრებიან.

მისივე თქმით, ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ პროექტის განხორციელებით ამ ქვეყნებს დიდი პოტენციალი ექნებათ.

„აზერბაიჯანთან ერთად, ჩვენ სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ, მათ შორის არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონული კაბელი. ესეც საინტერესო ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის მიერ არის მხარდაჭერილი. ამას ვაკეთებთ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან ერთად. ბუქარესტში ვიყავით სექტემბერში და ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს – ოთხივე ქვეყანა განახორციელებს ამ პროექტს, ინვესტირებას ჩადებს ამბიციურ პროექტში. მზად უნდა ვიყოთ, რომ გაიზრდება საქონლის ბრუნვა ამ დერეფანში.

ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის. მაგალითად, ჩინეთიდან მომავალი მატარებელი, რომელიც საქართველოს გაივლის, თუ ზღვით 45 დღე სჭირდება, მატარებლით მაქსიმუმ 10-15 დღეში შემოვა საქართველოში. ამიტომ, ეს საინტერესო, მნიშვნელოვანი დერეფანია და ყველა ეს ქვეყანა ნამდვილად არის მოტივირებული და მიზნად ისახავენ ამ დერეფნის განვითარებას.

რამდენიმე დღის წინ ვიყავით ყაზახეთში და შევთანხმდით საგზაო რუკაზე, როგორ განვავითაროთ ეს დერეფანი და როგორ მოვხსნათ ხელოვნური ბარიერები. ამიტომ, ამ მიმართულებით აქტიურად მივდივართ. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მიგვაჩნია, რომ დიდი პოტენციალი გვექნება და ყველა ეს ქვეყანა სარგებელს მიიღებს ამ დერეფნიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.