ლავროვი ოპოზიციას გარკვეულ მაშველ რგოლს გადაუგდებს ხოლმე, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებაზე დასავლეთისგან ზეწოლას განიცდის და “ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს”.
როგორც ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა, ლავროვმა აღნიშნული განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ საქართველოს ევროპასთან ურთიერთობა „დაუძაბოს” და ოპოზიციას მისცეს „დამატებითი საწვავი”, გააგრძელოს ხელისუფლების “დაუსაბუთებელი კრიტიკა”.
“ლავროვი ჩვენი ოპოზიციის მსგავსად არ არის ერთსულიანი მოთამაშე. ის საკმაოდ გამოცდილი დიპლომატია და, როდესაც რამე განცხადებას აკეთებს, რამდენიმე შედეგზე თვლის. ვხედავთ, რომ ლავროვი ამ შედეგს, ოპოზიციის ფლანგზე აღწევს და გარკვეულ მაშველ რგოლსაც კი გადაუგდებს ხოლმე.
ეს განცხადება მხოლოდ ერთი რამის გამო გააკეთა, რომ საქართველოს დაუძაბოს ურთიერთობა ერთის მხრივ, ევროპასთან და მეორეს მხრივ, ოპოზიციას მისცეს დამატებითი საწვავი, იმისათვის, რომ გააგრძელონ დაუსაბუთებელი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ.
ის, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებს და გადაწყვეტილებებს იღებს, ეს კარგია ლავროვმა თუ დაინახა, ამ კუთხით ლავროვის აღიარება სასარგებლოა.
ჩვენ საერთაშორისო სანქციებს შეერთებული ვართ, მაგრამ პირადად საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს. ამ დიდი ჰიბრიდულ ომში, რომელიც საქართველოს გარშემოც ტრიალებს, ხელისუფლება ვალდებული ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ქვეყანაში მშვიდობა, ეკონომიკური განვითარების მუხტი შევინარჩუნოთ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ის იმედოვნებს, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, რა საფუძველი აქვს, ქადაგიშვილი პასუხობს, რომ საქართველოს საავიაციო მიმოსვლა რუსეთის ხელისუფლებამ შეუწყვიტა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი „არაფერი არ არის”.
„საქართველოს რუსეთთან სავიზო რეჟიმი დაწესებული არ აქვს. რუსეთს აქვს დაწესებული სავიზო რეჟიმი. ასე, რომ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი აქ არაფერი არ არის. რუსეთის ხელისუფლებამ შეუწყვიტა საქართველოს საავიაციო მიმოსვლა, აქაც საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი არაფერი არ არის. მიხეილი სააკაშვილისგან განსხვავებით საზღვარზე არ ვდგავართ და არ ვეხვეწებით – „შემობრძანდით და მობრძანდით”. მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ გააჩნია ბერკეტი იმასთან დაკავშირებით, რუსეთი გააუქმებს თუ შემოიღებს სავიზო რეჟიმს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას ნუ შევიყვანთ იქ, სადაც არანაირი სურვილი არ აქვს, რომ შევიდეს”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
გარდა ამისა ქადაგიშვილმა ისაუბრა, ყოფილი თანაგუნდელების, „ხალხის ძალის” განცხადებაზეც, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის „პატრონები”, რომლებსაც მისი ლიკვიდაციის გეგმა შეიძლება ჰქონდეთ, ევროპარლამენტარები, აშშ-ს ყოფილი თანამდებობის პირები და „გარკვეული ძალები” არიან.
ქადაგიშვილს თქმით, ეს ლოგიკური ჯაჭვი და ეჭვი მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა გააჩინეს.
მისივე თქმით, საუბარი, რომ მისი სიკვდილი იქნება ქვეყნის დასასრული, ეს ბუნებრივად ბადებს ეჭვს, „იქნებ არის ვიღაც დაინტერესებული”.
„სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის შემდეგ, როგორც კი მოხდა დაკავება, მიმდინარეობს სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის შიმშილობს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, სიკვდილის პირას არის. შემდეგ შემოიტანეს მოწამვლის ვერსია. რა თქმა უნდა, არც ეს ვერსია მტკიცდება, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ამას სახელმწიფოს აბრალებენ. აქედან გამომდინარე, ეს ლოგიკური ჯაჭვი და ეჭვი გააჩინეს თვითონ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა.
მას ვერც ვერავინ მოწამლავს, ხელისუფლებამ გაამკაცრა მისი უსაფრთხოების გარემო. დაუმთავრებელი საუბარი, რომ მისი სიკვდილი იქნება ქვეყნის დასასრული, ეს ბუნებრივად ბადებს ეჭვს, იქნებ არის ვიღაც დაინტერესებული. ვხედავთ, რა დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში”. აქედან გამომდინარე სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს მის უსაფრთხოებაზე.
დაახლოებით 2000 მნახველი ჰყავს მიხეილ სააკაშვილს. ეს კი არა პატიმრობის განმავლობაში შვილი შეეძინა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.