2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი, 3 516 634 479 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 107.6%-იანი აღდგენაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 363,306,614 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 167.2% აღდგენაა, 2021 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები +237,255,596 (+188.2%) აშშ დოლარითაა გაზრდილი.

რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას – საქართველოში 2022 წელს 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა.

2022 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 71.9%, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 58 % აღდგა.

გასულ წელს საქართველოს ჯამში 5,426,903 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2021 წელთან შედარებით +188.5%-ით მეტია.

2022 წელს ქვეყანაში 3,652,949 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს +131.6%-ით აღემატება.

ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა 2022 წლის დეკემბერი. ამ პერიოდში საქართველოში 564,656 საერთაშორისოს მოგზაური ეწვია, რაც 2019 წლის მონაცემის 84.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +216.9%-ია.

2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში 304,616 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 97.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +110.7%-ია”, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.