რუსეთი შეეცადა, გაევრცელებინა ინფორმაცია, თითქოს მე ვთქვი, რომ უყრაინა ომს წააგებს, – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ჟურნალისტ მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ უკრაინა ომს არ წააგებს. მეორე – ომის მოგება უფრო რთული გახდა, რადგან პუტინს ძალიან არ სურს ამ ომის წაგება და დიდ ძალისხმევას ახორციელებს, რათა არ დამარცხდეს“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
მისივე თქმით, უყრაინის მიერ ომში გამარჯვება ისე, როგორც ეს უყრაინის ხელისუფლებას აქვს განსაზღვრული, რომ უყრაინის ტერიტორიაზე არცერთი რუსი ჯარისკაცი არ დარჩეს, ორ ფაქტორზეა დამოკიდებული.
„პირველი, ეს არის დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდება, ამ იარაღის რაოდენობა, ხარისხი და, რაც მთავარია, დროული მიწოდება. მეორე ფაქტორი ჩვენი ორგანიზაციული ძალისხმევა და შესაძლებლობებია, მიუხედავად დაღლილობისა“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.
არესტოვიჩმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში უყრაინაში აგორებული სკანდალები კრემლის მიერ კოორდინირებული ოპერაციაა, რომელიც რუსეთის დიდი შეტევის წინ მიმდინარეობს.
მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, უყრაინელებს ყურადღება ომიდან სხვა საკითხებზე გადაატანინოს.
„ეს არის დიდი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომელიც მიმდინარეობს უკრაინისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ. ეს არ არის პირველი და არც უკანასკნელი მცდელობა, მოიშორონ მნიშვნელოვანი ფიგურები“, – აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა.
ამავე გადაცემაში ალექსეი არესტოვიჩი გამოეხმაურა ამერიკული გამოცემის, „უოლ სთრით ჯორნელის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საუბარია უყრაინის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლის, სერგეი კირეევის მკვლელობაზე. სტატიის მიხედვით, ის უყრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოკლა.
არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ ეს პუბლიკაცია არის მცდელობა, დარტყმა მიიტანონ უყრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსზე, გენერალ პოკლადზე.
„გენერალი პოკლადი არის პროფესიონალი. ამერიკელები და ბრიტანელები მასთან ჩამოდიან და მისგან სწავლობენ კონტრდაზვერვას. ასე რომ, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, დაარტყან საკვანძო ფიგურას უკრაინის ეროვნული ინტერესების დაცვის სისტემაში. ეს არის მცდელობა, შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი, რაც შემდეგ გავლენას მოახდენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა არესტოვიჩმა.