არჩილ თალაკვაძე: საქართველო არასოდეს გამხდარა და არც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი

პარლამენტის ვიცე სპიკერის არჩილ თალაკავაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ საქართველოსთან დაკავშირებით დეზინფორმაციას არგუმენტირებულად უპასუხა, რომელიც ეხებოდა 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მაჩვენებლებს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო არასოდეს გამხდარა და არც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი.

„ბატონმა ირაკლიმ საქართველოსთან მიმართებით დეზინფორმაციას არგუმენტირებულად უპასუხა. სიმართლე გახლავთ ის, რომ საქართველო იცავს ყველა საერთაშორისო წესს, რომელიც უკრაინაში ომის განმავლობაში არის დაწესებული და საქართველო არასოდეს გამხდარა და არც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ჩვენ უკრაინის მიმართ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვხატეთ, ასევე, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ამიტომ ჩვენი ქვეყნის მიმართ დეზინფორმაცია, უსამართლო ბრალდებები თუ იქნება გაჟღერებული, ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, ამას ვუპასუხოთ.

სიმართლე ისაა, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება არა მხოლოდ ომის პერიოდში, წინა წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. იზრდება ექსპორტიც, ესეც სიმართლეა, თუმცა ტყუილია, რომ ამ ექსპორტში უდიდესი ან უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს რუსეთთან ვაჭრობას. სწორედ ამას უპასუხა ირაკლი კობახიძემ. მან წარმოადგინა გასაგები, გამჭვირვალე არგუმენტები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. მჯერა, ამის გადამოწმება ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.