ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, ბალტიისპირეთსა ან პოლონეთში ჩეხ სამხედროებს არ გააგზავნის. ამის შესახებ განცხადება ბაბიშმა სატელევიზიო დებატების დროს გააკეთა.
ჟურნალისტმა მას დაუსვა კითხვა, უნდა შეასრულოს თუ არა ჩეხეთმა სამოკავშირეო ვალდებულება და გააგზავნოს სამხედროები მოკავშირეთა დასაცავად, თუ რუსეთი დაესხმება თავს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს ან პოლონეთს. რაზეც ბაბიშმა უპასუხა: „არა, რა თქმა უნდა, არა. ვფიქრობ ჩვენ უნდა ვისაუბროთ მშვიდობაზე. მე მსურს მშვიდობა, მე არ მსურს ომი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევძლებდი ჩვენი შვილების ომში გაგზავნას. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ომის პრევენცია“.
მოგვიანებით, ბაბიშმა საკუთარი განცხადება განმარტა და „ტვიტერზე“ დაწერა, რომ რომ ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლს არ დაარღვევდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქმე აქამდე არ მივა. მე არ მინდა ამის დაშვება, მაგრამ თუ რუსეთის თავდასხმა რეალურად იქნება, ცხადია, მე დავიცავდი ნატო-ს მეხუთე მუხლით ნაკისრ ვალდებულებას. ამაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ბაბიშმა.
თუმცა, „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში მას არ დაუკონკრეტებია, მზადაა თუ არა ბალტიისპირეთის ან პოლონეთის დასაცავად ჩეხი სამხედროები გაგზავნოს.
ცნობისთვის, ნატო-ს მეხუთე მუხლი ქვეყანას სამხედროების გაგზავნის ვალდებულებას არ აკისრებს და ეს შეიძლება იყოს სხვა სახის სამხედრო დახმარება.