ევროპის საბჭოში საგანგებო დისკუსია და დებატები გაიმართება უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხზე. ამ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ტრიბუნალის ჩამოყალიბება. მე ახლა პირდაპირ უკრაინიდან მოვდივარ, გახლდით კიევში, ფრონტის ხაზზე. რუსეთი ჩადის პირდაპირ გენოციდს უკრაინაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს კონტექსტში ყურადღების კონცენტრაცია მიმდინარე მოვლენებზე.
„ჩვენ წინა სესიაზე მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, სადაც რუსეთი, როგორც ტერორისტული სახელმწიფო არის მოხსენიებული, ტრიბუნალის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დებატი უნდა გაგრძელდეს და ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა. ჩემი მხარდაჭერა ექნება იმ რეზოლუციას, რომელიც არის უკრაინასთან მიმართებაში, ისევე როგორც, ჩემი მხარდაჭერა ჰქონდა ბატონ მერეჟკოს არჩევნების მიმდინარეობისას. საქართველოს კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყურადღების კონცენტრაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან. მექნება შეხვედრა ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, დელეგაციის წარმომადგენელთან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიით, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებით და ასევე იმ საკითხებით, რომელიც ეხება 12 პუნქტის შესრულებას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე ნიკა გვარამიას პატიმრობაზე ჩვენი პარტნიორების ინფორმირება. მექნება სიტყვით გამოსვლა, როგორც უკრაინის დებატებზე, ასევე მოლდოვის ანგარიშზე. ჩვენ გვესმის, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი და საქართველომ ვერ მიიღო. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ვალდებულებები შესასრულებელი. სამწუხაროდ, ამ ვალდებულებების შესრულების პროგრესი არის ძალიან მძიმე. ამიტომ, ვფიქრობ, ეს საკითხები იქნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მთელი ამ სესიის განმავლობაში“, – განაცხადა დეკანოიძემ.