მექსიკის ხელისუფლება რუსეთთან უვიზო რეჟიმზე კონსულტაციებს აწარმოებს. მოლაპარაკებები ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფედერალურ სახელმწიფო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. ამის შესახებ „იზვესტიას“ მოსკოვში მექსიკის საელჩოში განუცხადეს.
საელჩოს მონაცემებით, 2022 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, მექსიკას რუსეთის, თითქმის, 80 ათასი მოქალაქე ეწვია, ხოლო ქვეყანაში შესვლაზე უარი მხოლოდ 1%-მა მიიღო. თუმცა დიპლომატიური მისია რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ზუსტ თარიღს ჯერ ვერ ასახელებს, რაც თებერვალში შეწყდა. 2022 წლის თებერვლამდე მეხიკოში თვეში 27 რეისი სრულდებოდა.
გამოცემის ცნობით, 2010 წლიდან მექსიკამ ცალმხრივად გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რომ ელექტრონული ავტორიზაციის სისტემის (SAE) მეშვეობით რუსეთის მოქალაქეების მექსიკაში შესვლა გაემარტივებინა. SAE-ს მიღება უფასოდ და სწრაფად, საკონსულოს გვერდის ავლით არის შესაძლებელი, თუმცა დასავლეთის სანქციების გამო ტურისტული ნაკადი ვერ იზრდება, რადგან რუსულ თვითმფრინავებს კანადისა და შეერთებული შტატების საჰაერო სივრცის გადაკვეთა აკრძალული აქვთ.
როგორც ცნობილია, მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე მიგრაციულ კრიზისს შეერთებულ შტატებში არალეგალური შესვლისთვის იყენებენ. ამდენად, აშშ-ისა და მექსიკის ხელისუფლებები კრიზისიდან გამოსავალს ეძებენ. 11 იანვარს, ჩრდილოეთ ამერიკის სამიტის შემდეგ პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამჟამად რეგიონის მასშტაბით პრობლემის მოგვარების გზებს ეძებენ.
2020 წლის ოქტომბერში აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურმა სპეციალური სერვისი, CBP One-ის მობილური აპლიკაცია Apple-ისა და Google Play-ს მაღაზიებში ჩაუშვა. CBP One იმ უცხოელებს შეეხება, ვისაც შეერთებულ შტატებში მექსიკიდან შესვლა შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე სურს. ფორმის შევსების შემდეგ განმცხადებელს ურეკავს ოფიცერი, რომელიც აცნობებს, რომელ პუნქტში შეიძლება საზღვრის გადაკვეთა. ასევე, უცხოელს ენიჭება „ჰუმანიტარული პაროლი“ ერთი წლის ვადით, რაც მას შტატებში შესვლის საშუალებას აძლევს, ვიდრე მასზე იურიდიულად ქვეყანაში „არ დაშვების“ სტატუსი ვრცელდება.